100 დღე სრულფასოვანი სამთავრობო გეგმის წარმოსადგენად. პირობა დადებულია. მანამდე კი მთავრობის ახალი შემადგენლობა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასა და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე იმუშავებს. კორონაპანდემიის ფონზე დაწესებული აკრძალვების მოხსნაზე უფრო მეტს, კვირის ბოლოს გავიგებთ. პირველი ვაქცინა მარტში შემოვა. წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება. მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა კი ეკონომიკის აღდგენა იქნება. დაგვპირდა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2013-დან 2015 წლამდე უკვე იკავებდა. მან სიტყვით გამოსვლისას ყველაზე ვრცლად, ოპოზიციაზე ისაუბრა.
„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა, პირველი ვაქცინა, როგორც მე ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება! ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა. ჩვენ ვერ გავცემთ ინდულგენციებს და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს. რა თქმა უნდა, ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, წესრიგი, კანონი, კონსტიტუცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მის მიერ წარდგენილ გეგმასა და პროგრამას, სრულ ნდობას უცხადებენ მმართველი პარტიის დეპუტატები. მათი თქმით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს სრული კომპეტენცია, ქარიზმა და მოხერხება აქვს იმისათვის, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანოს.
„ჩვენი ქვეყანა დგას მძიმე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა, იმ სულისკვეთებითაა გამსჭვალული, რომ ქვეყანა მალე ფეხზე დადგეს. ამიტომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, – თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი გუნდიდან, რატი იონათამიშვილმა.
კოლეგებივით არ ფიქრობენ ოპოზიციაში. პარლამენტში და მის მიღმა მყოფი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რადიკალია და მისი ნაბიჯები დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
„ჩვენ მხოლოდ ორი ხმა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ორნი არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში ღარიბაშვილის გამო. ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის იგლიჯება, „ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც შეძლებდა გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს. ღარიბაშვილი 180 გრადუსით ამის საპირისპიროა, ის არის ძალიან კონფრონტაციული, რადიკალური. მიაჩნია, რომ მთავარი არის გულწრფელად სძულდეს ოპოზიცია, ეს პირიქით, უფრო დაამძიმებს ვითარებას“. – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
დაჩქარებული წესით განხილვები დასრულებულია. მთავრობის ახალ შემადგენლობას საქართველოს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით მხარს უჭერს.
ალეკო გვეტაძე