მთავარი ამბები ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუველი დეპუტატის მოწოდება დაიწუნა

ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუველი დეპუტატის მოწოდება დაიწუნა

„ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის 20 თებერვალს  გაკეთებულ განცხადებებს.

გასული კვირის ბოლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისიმა  საქართველოს დაპირისპირებულ პარტიებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისთვის. მისი აზრით, ქართულ პოლიტკურ სპექტრში დაპირისპირება კრემლის წიქივილზე ასხამს წყალს, რადგან რუსეთი მისთვის სასურველ შედეგს „ტანკების გარეშე“ აღწევს.

ლიეტუველი დეპუტატის განცხადებით, თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, ეს საქართველოს ძვირი დაუჯდება. ამიტომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ვიზი გზით წავა,  ლიეტუვის თუ ბელარუსის.

„თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფიდროს, ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე  ჟიგიმანტას პავილიონისი შეხვდა როგორც მმართველი ძალის, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

პარლამენტში შეხვედრების დროს ხაზი გაესვა, რომ ლიეტუვას აქვს ინტერესი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლიეტუვისა და საქართველოს სამეზობლოში ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლის მზარდი დარღვევების საგანგაშო ტენდენციაა. ლიეტუვას წარმოამდგენელი ქართულ მხარეს დაჰპირდა, რომ ლიეტუვა შეეცდება რუსეთის ფედერაციამ სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

პავილიონისმა კოლეგებს შესთავაზა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება ლიეტუვასთან და ბალტიის სხვა ქვეყნებთან და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორული რეფორმების გაგრძელება, აქცენტი გაკეთდება რეფორმებზე კანონის უზენაესობისა და არჩევნების სფეროებში.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დისკუსიების დროს, პავილიონისმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა განსხვავებული პოზიციების დაახლოების კონსტრუქციული გზების ძიება. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ნდობის შენარჩუნებას. პავილიონისმა ასევე გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასახული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უმჯობესია მთავრობამ და ოპოზიციამ  თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება მდგომარეობა ჩიხში შეიყვანოს და საზოგადოება ორად გაყოს. ეს კი მხოლოდ იმ გარე ძალების ინტერესებს ემსახურება, რომლებსაც სურთ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

”ჩვენ ვიწვევთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ერთად იმუშაონ სტრატეგიული მიზნებისათვის, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება”, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლიეტუვამ ეს გაკვეთილები ისწავლა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესში და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში.

“ვფიქრობ ვაშინგტონში ახალ ადმინისტრაციასთან და ევროკავშირში ახალ ენერგიასთან ერთად, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიაზე, საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა ჩნდება. მინდა, რომ საქართველო ჩემპიონი იყოს ამ სფეროში. კავკასიაში რთული სიტუაცია გაქვთ და იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ხელი შევუწყოთ სტაბილურობას რეგიონში, ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი, როგორც ჩემპიონი. დიახ, ამისთვის საჭიროა შიდა ვითარების დეესკალაცია, დიალოგის გზების გამონახვა. მზად ვართ დავეხმაროთ ამ პროცესს ჩვენი ისტორიული გამოცდილებით. ერთად უნდა იმ იმუშავოთ, რომ მიაღწიოთ სტრატეგიულ მიზნებს”, – განაცხადა პავილიონისმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და არ წავლენ “ბელარუსის გზით”.

“ძალიან გთხოვთ გააკეთოთ ყველაფერი გასაერთიანებლად. იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად. მარტივად გეტყვით, შესაძლოა თქვენ ყველაფერი დაკარგოთ – ან მიდიხართ ლიეტუვას ან ბელარუსის გზით. არჩევანი თქვენზეა. თუ გსურთ ლიეტუვას გზით სვლა – გაერთიანდით ახლა, სანამ ძალიან გვიანი არ არის. გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს დღეს არ სჭირდება ტანკები, თავად ებრძვით ერთმანეთს. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. შეჩერდით, ძალიან გთხოვთ და გაერთიანდით”, – ასე მიმართა ლიტველმა პოლიტიკოსმა ქართულ მხარეს.

22 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დროს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მ ლიეტუველი დეპუტატის განცხადებებს სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის მიუღებელია,  უწოდა. მან ჟიგიმანტას პავილიონისსა და „დესტრუქციული ოპოზიციის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ მსგავსი განცხადებების კეთება.

„რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ამავდროულად, განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის და მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის, ასე ვთქვათ, მეგობრებს, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ ასეთი სტუმრების შეურაცხმყოფელი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის. ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი არის არჩეული ჩვენი მოსახლეობის მიერ, ჩვენმა მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა და გამოგვიცხადა ნდობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. არავის აქვს, შესაბამისად, უფლება, რომ მოგვიწოდონ რაღაც გაუგებარი უსამართლო განცხადებებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი