22 წლის ანანო მაისურაძე პანდემიის წინააღმდეგ ექიმებთან ერთად წინა ხაზზე იბრძვის. მისი საქმიანობაც, მედპერსონალის მსგავსად, ძალიან საპასუხისმგებლოა. იგი მოლეკულური ბიოლოგია და მაშინ, როდესაც საზოგადოება ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვს ელოდება, ანანო თავის კოლეგებთან ერთად ცდილობს, რომ თითოეული პისიარტესტი უმოკლეს ვადაში გამოიკვლიოს.
„კორონავირუსის გადატანის შემდეგ, გარკვეულწილად, უფრო მგრძნობიარე გავხდი თითოეული პაციენტის ისტორიის მიმართ, რადგან უკვე ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები ამ დროს.
ყოველ დღეს ახლავს გარკვეული სირთულე, მაგრამ განსაკუთრებულად მძიმე დღეები ნოემბერში იყო. ამ დროს ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა და ეს არა მხოლოდ ინფიცირებულთათვის, არამედ ჩვენთვისაც, ლაბორატორიის პერსონალისთვის, ძალიან რთული იყო.
ლაბორატორიაში მთელი დღის განმავლობაში პისიარტესტირების კვლევა მიმდინარეობს. შემდეგ პასუხებს ვუგზავნით იმ ადამიანებს, რომლებმაც ტესტირება ჩაიტარეს.
ჩვენს საქმეში ყველაზე რთული ის არის, რომ პისიარტესტის კვლევის თითოეული ეტაპი – ნიმუშის მიღებიდან პასუხის გაცემამდე – ძალიან დიდ სიფრთხილესა და კონცენტრაციას მოითხოვს. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან თითოეული ნიმუშის უკან დგას ადამიანი, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სხვას ან თავად არ ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია იმისათვის, რომ კოვიდს გაუმკლავდეს“, – ამბობს ანანო მაისურაძე, ლაბორანტი
ანანო ღუდუშაური