მთავარისაქართველოშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება გადადო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას დაპატიმრება გადადო

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. ამის შესახებ შსს-იმ განცხადება გაავრცელა.

17 თებერვალს შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის, მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის  ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ,  აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მას შემდეგ, ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (ენმ) და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისში იყვნენ შეკრებილები და აცხადებდნენ, რომ არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და რომ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სახელმწიფოს  მათზე ძალის გამოყენება მოუწევს.

18 თებერვალს დილას ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები ბრძანების აღსასრულებლად მივიდნენ, თუმცა აქტივისტებმა მათ მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით საკუთარ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

ყოფილმა პრემიერმა განმარტა, რომ მისი აზრით, ნიკა მელია კანონს პატივს არ სცემს. თუმცა იმი ფაქტის გათვასლწინებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის საფრთხე არსებობს, გახარიას მელიას დაპატიმრება გაუმართლებლად მიაჩნია.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს ქმნის, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ იარსებებს არანაირი რისკი თითოეული ჩვენი მოქალაქის და არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. იქიდან გამომდინარე, რომ მე სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, შსს-მ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად დაგეგმილი ღონისძიება გადადო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend