კორონავირუსის პანდემიის შედეგად ოჯახის წევრები ისე ხშირად ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს, როგორც ეს თავად სურთ. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც ხშირად სრულ მარტოობაში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით უწევთ დაავადებასთან გამკლავება. პორტუგალიაში პრობლემის გადაჭრის ფორმას მიაგნეს და პაციენტებისა და მათი ოჯახების განწყობის ასამაღლებლად ერთ-ერთ საველე ჰოსპიტალში ვირტუალური ვიზიტები დანერგეს.
საველე ჰოსპიტალის მოწყობიდან ერთი თვის შემდეგ პორტუგალიაში, პორტიმანის საავადმყოფოში, კოვიდპაციენტთან დაახლოებით 200-ამდე ვირტუალური შეხვედრა გაიმართა. პანდემიის დროს პაციენტებისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მარტოობის დასაძლევად.
პაციენტებსა და ოჯახს შორის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა და დამაკავშირებელი იზილდა გომესია.
იზილდა გომესი ერთი-ერთი ოპერატორია, რომელიც, მედდების დახმარებით, პლანშეტებს აწვდის პაციენტებს ოჯახთან ურთიერთობისთვის. ამ ნაბიჯით ისინი ავადმყოფების ახლობლებსაც ეხმარებიან და იმედს უსახავენ.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება და საზოგადოება დააიმედა. ანტონიო კოსტამ ყურადღება გაამახვილა ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის შემცირებაზე და ქვეყანაში ლუქსემბურგიდან და საფრანგეთიდან სამედიცინო ჯგუფების ჩამოსვლა დაადასტურა. ისინი იმ 26 გერმანელ სპეციალისტთან ითანამშრომლებენ, რომლებიც ლისაბონში უკვე რამდენიმე დღეა, მუშაობენ.
პორტუგალიაში ერთი თვის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა.
კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 800-ით ნაკლები პაციენტია. ახლა ქვეყანაში 4800 საწოლია დაკავებული, რაც ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი რიცხვია.