მთავარისაქართველოქალი, როგორც საკუთრება

ქალი, როგორც საკუთრება

„პროტესტის ასი დღე“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც გოგონებისა და ქალების მიმართ სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ დაიწყო. მათ შორის, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ურთიერთობს, სოციალური მუშაკიც არის. საქართველოში სულ 257 სოცმუშაკია. სოციალური მუშაობის თეორიაში განსაზღვრულია, რომ თითო სოციალურ მუშაკზე საქმეების რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ, როცა საქართველოში თითო სოცმუშაკს ხშირად 150-დან 200-მდე საქმე აქვს.

„მე ვიყავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მომხდარიდან იმ წამსვე წავედი პოლიციაში და გადავწყვიტე, რომ დამეწერა განცხადება“, – ამბობს ძალადობის მსხვერპლი სალომე ზანდუკელი.

სალომე ზანდუკელის მსგავსად, საქართველოში სხვა ქალებიც ყოფილან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. ისინი შველას ითხოვდნენ, თუმცა მათი ხმა არავის გაუგია. სალომეს ეს ამბავი 5 წლის წინ შეემთხვა, მაგრამ დღემდე ახსოვს, თუ რამდენ სტრუქტურასთან ჰქონდა შეხება და რამდენ პრობლემას წააწყდა. ძალიან გაუჭირდა ამასთან გამკლავება, განსაკუთრებით ემოციური თვალსაზრისით. ფსიქოლოგს თავად მიაკითხა. სოციალური მუშაკი კი არ ჰყოლია.

 

„მე არ მყავდა მომაგრებული სოციალური მუშაკი, არც შემოუთავაზებიათ, არც ვიცოდი… ძალიან ძნელია, ზოგჯერ რომ არ იცი, რა არის ნორმალური, როგორ უნდა წარიმართოს საქმე. არც უცხოური გამოცდილება იცი და მანამდე მსგავსი გამოცდილება არ გქონია, საკუთარ შეგრძნებებს ეყრდნობი“, – ამბობს ძალადობის მსხვერპლი სალომე ზანდუკელი.

სოცმუშაკების ერთ-ერთი ფუნქცია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობაა. თუმცა, საქართველოში მათი რაოდენობა არასაკმარისია იმისთვის, რომ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულონ. ხშირ შემთხვევაში შესაბამისი უწყებებისგან ინფორმაციას ვერ იღებენ, რომ ვინმეს მათი დახმარება სჭირდება. დაბალია ზოგიერთი მათგანის კვალიფიკაციაც.

„სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთან მუშაობის პროცესში სოცმუშაკს ძალიან დიდი როლი აქვს. ის არის დამაკავშირებელი რგოლი ყველა საჭირო  სპეციალისტთან და იგი მსხვერპლის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობია.  იმისა, რომ შენ ის ტრავმა დაძლიო, და შენი ცხოვრება უფრო შემართებით გააგრძელო“, – აცხადებს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების გამგეობის წევრი, სოფო ხვთისიაშვილი.

ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობენ, რომ საქართველოში სექსუალური ძალადობა ყოველწლიურად იზრდება. ასეთი იყო 14 წლის ნინის შემთხვევაც ქობულეთში. ორგანიზაციაში კი იმ ვერსიებზე საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება, მსგავსი პრობლემები აღმოიფხვრას.

„ზოგადად ხალხმა უნდა აღიაროს და მიხვდეს, რომ ამ ქვეყანაში ღირებულება ის კი არ არის, რომ ქალი ნივთია, ღირებულებაა, რომ ყველა თანასწორები ვართ და ყველა იმსახურებს პატივსიცემას, თანასწორ მოპყრობას და პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. რაც შეეხება მეორად პრევენციას, ახლა გამოძიების რა მექანიზმიც გვაქვს, უნდა ავიღოთ, დავივიწყოთ და სულ ახალი მექანიზმი დავნერგოთ. ამის ყველაზე ღირებული ნაწილი გუნდური მუშაობაა. ბევრი პროფესიონალი ერთად იძიებს საქმეს“, – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე.

ამ პრობლემის გადალახვა ბევრ ქალს უნდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს კი სურთ, დაზარალებულის სტატუსი დაძლიონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ.

 

ანა ალელიშვილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend