მთავარი საქართველო რა იცვლება საარჩევნო რეფორმის მიხედვით

რა იცვლება საარჩევნო რეფორმის მიხედვით

საარჩევნო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი მმართველმა პარტიამ უკვე მოამზადა და მსჯელობისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს გადასცა. რეფორმის პროექტის მიხედვით, ცესკო-ს ადმინისტრაციას მომდევნო არჩევნებზე, შვიდი წევრი ეყოლება, რომელთაგან ერთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იქნება. წევრებისა და თავმჯდომარის კანდიდატურებს, პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს. მათ კი დამოუკიდებელი კომისია შეარჩევს. მმართველი გუნდი არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან 100-მეტრიანი რადიუსის დაცვის წინადადებითაც გამოდის. აიკრძალება ახლო მანძილზე აგიტაციაც. ჯარიმას ან პატიმრობას დაექვემდებარება ხმის მიცემის კაბინაში ფოტო/ვიდეო გადაღება. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარალამენტო ჯგუფი, კიდევ რამდენიმე საკითხის რეფორმირებაზე მსჯელობს.

„ცესკოს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართულნი, არა მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩნენ, არამედ პოლიტიკური პარტიებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განცდა არ გაჩნდეს, ვინც ბარიერი გადალახა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ პროცესის მიღმა რჩება,“ – აცხადებს სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ლევან იოსელიანი.

მმართველი პარტია, დაინტერესებული მხარეებისგან შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ისმენს. რეფორმების ჯგუფის თანათავმჯდომარე მმართველი პარტიიდან, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ – „მემორანდუმში გათვალისწინებულია სრულად პროფესიულ სისტემაზე გადასვლა და  ამაზე გვქონდა საუბარი. განვიხილეთ – ეს სისტემა იყოს თუ სხვა სისტემა და ამ სისტემის დროსაც, როგორ იყოს დაკომპლექტება ისე, რომ არსებობდეს სრული ნდობა. სხვადასხვა ვერსია განვიხილეთ.“

მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე, რიგი შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. სამოქალაქო სექტორმა მთავარი პრეტენზია, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით გამოთქვა. მათი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში, მიკერძოებასთან დაკავშირებული რისკები არსებობს.

„მთავარი პრობლემა, რაც რჩება, არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომელიც დღეს არსებულზე კიდევ უფრო ცუდია. შემოთავაზებულია, რომ მხოლოდ პროფესიული ნიშნით შეირჩეს საარჩევნო კომისიის წევრები სამივე დონეზე, რაც არის მაღალი რისკის მატარებელი, რომ ერთი პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი პირებით დაკომპლექტდეს ეს კომისიები, ამის დაზღვევის მექანიზმია ჩვენი წინადადება, რომელიც წარვადგინეთ და არც ერთი მექანიზმი აქ ჩადებული არ არის“, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

ცვლილების მიხედვით, იცვლება საარჩევნო ბარიერიც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს. ეს სიახლე უკვე ასახულია შეთავაზებულ საარჩევნო ცვლილებებში. უმრავლესობის პროექტით ასევე იკრძალება საარჩევნო კამპანიის პროცესში, საჯარო მოსამსახურეების, სსიპ-ებისა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით. დათქმის მიხედვით, ცვლილება პარლამენტმა პირველ მარტამდე უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია „მოქალაქეები“ სადეპუტატო მანდატზე უარს იტყვიან.


ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი