მთავარისაქართველო„ქართული, როგორც მეორე ენა“

„ქართული, როგორც მეორე ენა“

ერთიანი ეროვნული გამოცდების სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე ჩაბარების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართული ენის შემსწავლელ ერთწლიან კურსს გადიან.

რიმა მარანგოზიანი, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზეა. წელს სწავლას დაამთავრებს. სანამ სასურველ ფაკულტეტს აირჩევდა, ქართულ ენას ჯერ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი სახელმწიფო პროგრამა  „1+4-ში“ იყო ჩართული.  პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე , შემდეგ კი ახალგაზრდები  1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს. რიმა ამბობს, რომ სკოლაში ქართული ენის სახელმძღვანელოები გრამატიკაზე მეტად იყო ორიენტირებული.  გაკვეთილის ხანგრძლივობა 40 წუთი იყო, მისი აზრით, ენის შესასწავლად ეს ძალიან ცოტაა.

სასაუბრო ქართული კი უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ქართველ მეგობრებთან ურთიერთობით  ისწავლა. თუმცა  პირველი ენობრივი ბარიერიც სწორედ უნივერსიტეტში გაჩნდა.

„სირთულე მაშინ დაიწყო, როცა ბაკალავრიატზე ჩავაბარე, ლექციაზე შევდიოდი, ლექტორიც დაბალ ხმაზე საუბრობდა, აუდიტორიაც სავსე იყო… ლექტორი რაღაცას ამბობს, მაგრამ მე ვერაფერი გავიგე, თან ისეთი ტერმინებით საუბრობდა, ძალიან გამიჭირდა და მივხვდი, რომ ქართული ენა საერთოდ არ ვიცოდი“, – ამბობს რიმა მარგანგოზიანი.

„ქართული, როგორც მეორე ენა“ – ასე ჰქვია იმ სახელმძღვანელოებს, რომლებითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ბავშვობისას  ქართულ ენას სწავლობენ.

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ზაურ ხალილოვს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებში ქართული ენის შესწავლის პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაჭრილია და მთავრი სირთულე სხვაა:

„ის, რომ სახელმწიფო ენა არ იციან, იმდენად აქტუალური აღარ არის, როგორც 10 წლის წინ იყო. დღეს ეს რესურსი არსებობს. მთავარი კითხვა აქ ის არის, რამდენად შეძლებს ქართული სახელმწიფო ამ რესურსის გამოყენებას. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ამის მიზეზი, ტექნიკური საკითხების გარდა, უნდობლობაცაა“, – ამბობს ზაურ ხალილოვი.

საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას სკოლამდელი ასაკიდან სწავლობენ  და სასწავლო პროგრამებიც ორენოვანი იქნება. ნინო გურგენიძის თქმით, ასეთ პირობებში არც მათი მშობლიური ენა დაიჩაგრება და არც ქართული ენის სწავლა გართულდება. თუმცა დღემდე მთავარ გამოწვევად  შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება რჩება:

„ახლა ვცდილობთ,  გავაძლიეროთ არაფორმალური განათლება. მიზანი ისაა, რომ გაკვეთილის გარდა,   ჰქონდეთ რაღაც სივრცე, იქნება ეს კლუბები თუ წრეები, სადაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა აქტივობაში ქართულად ჩართვას და, რაც მთავარია, თანატოლებთან კომუნიკაციას“, – აღნიშნავს ნინო გურგენიძე, პროგრამის „სახლმწიფო სტანდარტების დანერგვა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“ ხელმძღვანელი.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ქართულ ენაზე გამართულად საუბრობს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც   ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისათვის მეტი დახმარება სჭირდება.

ნინი ჯალაბაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend