მთავარიევროპასაფრანგეთი2 მილიონი ევრო საჩუქრად სოფელს მადლობის ნიშნად

2 მილიონი ევრო საჩუქრად სოფელს მადლობის ნიშნად

საფრანგეთის ზემო ლუარის რეგიონში მდებარე მიყრუებულმა სოფელმა ქვეყნის ყურადღება მიიპყრო. სოფელ შამბონ-სიურ-ლინიონმა, რომელშიც 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს, საჩუქრად 2 მილიონი ევრო მიიღო. დასახლებას თანხა ავსტრიელმა ებრაელმა ერიხ შვამმა მადლობის ნიშნად უანდერძა. ბავშვობაში მეორე მსოფლიო ომის დროს შამბონ-სიურ-ლინიონის მოსახლეობამ მას თავშესაფარი მისცა. ერიხ შვამი დეკემბრის ბოლოს ლიონში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შთამომავლები არ ჰყოლია.

„ამ ჟესტმა გული აგვიჩუყა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დოვლათი ციდან არ მოსულა. იგი მას მთელი ცხოვრება აგროვებდა.“ – აცხადებს დენის ვალატი, შამბონ-სიურ-ლინიონის საკრებულოს წარმომადგენელი.


სოფლის ვიცე-მერი და ისტორიის ყოფილი პროფესორი ერიხ შვამის ცხოვრების შესწავლას ცდილობს. შვამი ომის შემდეგ ლიონში ფარმაცევტიკის შესასწავლად წავიდა. შამბონ-სიურ-ლინიონში მისი გახსენება მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო.

„თავიდან იგი სოფლის სკოლაში სწავლობდა. შვამი სოფლის ერთადერთ მცხოვრებს ახსოვს. მისი თქმით, მშობლები ყოველთვის ეუბნებოდნენ მას, რომ შვამთან ეთამაშა, რადგან იგი ეზოში ყოველთვის მარტო იყო.“ – ამბობს დენის ვალატი.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 4 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობა ებრაელი იყო, სწორედ ამ ტყეებით გარშემორტყმულ ადგილას გამოიქცა. საფრანგეთის ეს რეგიონი თავისი სტუმართმოყვარეობით არის ცნობილი.

„აქაურობა მეტ-ნაკლებად იზოლირებულია. სოფელს ქალაქებისგან მთები აშორებს. გარდა ამისა, რეგიონში პროტესტანტიზმია გავრცელებული. პროტესტანტებს ასევე დევნიდნენ საფრანგეთში, ამიტომაც მათ ებრაელების გასაჭირი კარგად ესმოდათ“, – ამბობს სოფლის მუზეუმის დირექტორი ფლორიან ბარბირი.

1990 წელს შამბონ-სიურ-ლინიონს იად ვაშემის ცენტრისგან საპატიო ჯილდო გადაეცა. რაც შეეხება ერიხ შვამის მიერ ნაანდერძევ 2 მილიონს, იგი სოფელში მცხოვრებ ბავშვებს მოხმარდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend