მთავარისაქართველოკონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა 10 თებერვალს საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მხარდამჭერი  კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.

ჯერი კონოლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ახდენს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის ახორციელებს დაკავებებს და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ე.წ.ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამიტომ  კანონიერად მიაჩნია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას.

“მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში”, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ. “როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა.”

„უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის”,-აღნიშნა კონგრესმენმა კინზინგერმა.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარმომადგენელთა პალატამ 2019 წლის 22 ოქტომბერს მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-ე კონგრესმაც.

ორი დღის წინ, 8 თებერვალს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ  და კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ  კონგრესმენ სტივ ჩაბოტთან ერთად კონგრესში „ყირიმის ანექსიის არღიარების აქტიც“ ხელახლა წარადგინა. ამ საკანონმდებლო დოკუმენტს კონგრესის ყველა პარტიის მხარდაჭერა აქვს და ამერიკის ფედერალურ სააგენტოებს უკრძალავს ნებისმიერ ქმედებას, რაც შეიძლება ყირიმში რუსეთის ანექსიის აღიარებად ჩაითვალოს. ეს დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ 2019 წლის მარტში მიიღო 427 ხმით ერთის წინააღმდეგ.

ამ აქტის კონგრესში კიდევ ერთხელ წარდგენის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში კონგრესმენებმა ხაზი გაუსვეს, რომ ყირიმის ანექსია ძალიან სახიფათო ინციდენტია და თეთრი სახლი აგრძელებს ყირიმის ნახევარკუნძულის  არაღიარების პოლიტიკას.

„ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას და სუვერენიტეტის შელახვას,“ – განაცხადა ჩაბოტმა. „მე მეამაყება, რომ რომ ბატონმა კონოლიმ ეს კანონი  კიდევ ერთხელ წარადგინა, რადგან ეს ხაზს უსვამს ჩვენს პოლიტიკას, რომელიც უკრძალავს აშშ-ის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად ჩათვალოს. ეს კანონი არის კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯი, რომელიც პუტინის მიერ ყირიმის მიტაცების საწინააღმდეგოდ გადაიდგა,“ – განაცხადა სტივ ჩაბოტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend