მთავარი ევროპა სერბეთი საბრძოლო იარაღებით შექმნილი მუსიკალური ინსტრუმენტები

საბრძოლო იარაღებით შექმნილი მუსიკალური ინსტრუმენტები

ყოველ კვირას სერბი მოქანდაკე ნიკოლა მაკურა სამხედრო აღჭურვილობის ნაგავსაყრელზე იარაღის, სამხედრო ჩაფხუტებისა და ნაღმების შესაგროვებლად დადის. ეს გადაყრილი სამხედრო აღჭურვილობა მას სახელოსნოში მიაქვს და მათგან მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქმნის.

სერბეთში 1990-იანი წლების იუგოსლავიის კონფლიქტის კვალი ჯერ კიდევ იგრძნობა. 42 წლის მოქანდაკე ცდილობს, ამ დამანგრეველი მოვლენების კვალსა და ნარჩენებს ახალი სიცოცხლე შესძინოს.

ნიკოლა მაკურამ ბაზუკა ჩელოდ გადააქცია, სერბული წარმოეიბის ავტომატი და არმიის ჩაფხუტი გიტარად გადააკეთა, ხოლო ვიოლინო ავტომატის მჭიდებისა და პირველადი დახმარების ყუთისგან დაამზადა.

„გარშემო იმდენად ბევრი ნანგრევი და ნარჩენია, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ. როგორც ხელოვანმა, მინდა, ჩემი გარემოცვა მუსიკად ვაქციო და ამ ბნელი წარსულის გადმონაშთებს დადებითი დატვირთვა მივცე“,- თქვა მუსიკოსმა.

მოქანდაკის მიზანია, ინსტრუმენტები ორკესტრისთვის შექმნას, რომელიც რეგიონში იმოგზაურებს და კონცერტებს ომის ვეტერანების მონაწილეობით გამართავს.

ის უკვე თანამშრომლობს ომის ვეტერან და მუსიკოს სრდჯან საროვიჩთან, რომელსაც ავტომატისა და ჩაფხუტისგან შექმნილ გიტარაზე უყვარს დაკვრა.

სრდჯან საროვიჩის თქმით, დაკვრისას მას ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს ავტომატი არც უჭირავს.

„ის უბრალოდ დასაკრავი ინსტრუმენტი ხდება. როდესაც ხელში მიჭირავს და ვუკრავ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ინსტრუმენტით როგორ შევქმნა მუსიკა“,- ამბობს ვეტერანი.

ნიკოლა მაკურას საკმაოდ დიდ მარაგი აქვს. გაუთავებელი ომების შემდეგ გაიხსნა სამხედრო აღჭურვილობის ბევრი ნაგავსაყრელი, სადაც ჩამოწერილი ტექნიკის შეძენა იაფადაა შესაძლებელი.

მას სურს, ხუთი მუსიკოსისთვის ტანკი დასარტყამ ინსტრუმენტებად გადააკეთოს და შემდგომ ის ვარდისფრად შეღებოს.

„დასაკრავი ინსტრუმენტი ტანკისგან? თითქოს წარმოუდგენელია, არა? მაგრამ ზუსტად ასე იყო, როდესაც ავტომატისგან გიტარა გავაკეთე. ჩემი მიზანია, ხუთი დასარტყამი ინსტრუმენტი შევქმნა“,- თქვა ნიკოლა მაკურამ ევრონიუსთან საუბარში.

საბრძოლო აღჭურვილობის ნაგავსაყრელებზე დაშლილი იარაღის, ნაღმებისა და აირწინაღების შოვნაა შესაძლებელი. აქ საბრძოლო მანქანები, რადარები და თვითმფრინავის დიდი ნაწილებიც იყიდება.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი