მთავარიმსოფლიოევროპარლამენტარები ჟოზეფ ბორელის გადადგომას მოითხოვენ

ევროპარლამენტარები ჟოზეფ ბორელის გადადგომას მოითხოვენ

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისა და ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მშენებლობასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე, ესპანელი სოციალ დემოკრატი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ჯერ კიდევ მოსკოვში ვიზიტამდე აღიარებდა მისი კოლეგების უარყოფით მოლოდინებს. მიუხედავად ამისა ჟოზეფ ბორელი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

 
ორი დიპლომატის შეხვედრა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა როდესაც ოფიციალურმა მოსკოვმა გერმანელი, პოლონელი და შვედი დიპლომატების გაძევების შესახებ გამოაცხადა. მიზეზად ევროპელი დიპლომატების ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა დასახელდა. სამივე სახელმწიფომ ეს ბრალდება უარყო.

„მე მსურს რუსეთის ფედერაციას ვაქცინის შექმნა მივულოცო. ეს მთელი კაცობრიობისათვის კარგი ამბავია რადგან ახლა პანდემიასთან ბრძოლისათვის მეტი ბერკეტი გვაქვს. მე იმედი მაქვს რომ ევროპული სამედიცინო სააგენტო რუსულ ვაქცინას სერტიფიკატს მიანიჭებს. ევროპაში ისედაც ვაქცინების ნაკლებობას განვიცდით, გილოცავთ რუსული მეცნიერების წარმატებას!“ – განაცხადა ჟოზეფ ბორელიმ უსაფრთხოებასა და საგარეო საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა

რუსული სამეცნიერო მიღწევების შექების გარდა, ესპანელმა დიპლომატმა გამონახა დრო ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო შეშფოთება გამოეთქვა, ჟოზეფ ბორელი გეგმავდა დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ციხეში მოენახულებინა მაგრამ რუსული მხარისაგან ცივი უარი მიიღო, ჟოზეფ ბორელს არ უხსენებია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომი მაგრამ განაცხადა რომ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

„რუსი სამართალდამცველები საპროტესტო აქციების დროს არაერთხელ გახდნენ თავდასხმის მსხვერპლი, ამავე დროს სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზიც კი არ გამოუყენებიათ. ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს აქციის მონაწილეებმა. მე ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არცერთ სამოქალაქო ექიმს, არც გერმანელს და არც რუსს ალექსენი ნავალნის სხეულში ნივთიერება ნოვიჩოკი არ აღმოუჩენიათ, ის აღმოაჩინეს გერმანელმა სამხედრო ექიმებმა რაც თავისთავად მრავლის მეტყველია“ – ამბობს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, პოლონეთმა და შვედეთმა რუსეთის ფედერაციის საპასუხოდ 3 რუსი დიპლომატი გააძევეს. რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების დაწესების მოთხოვნის ფონზე ჟოზეფ ბორელი დღეს ევროპარლამენტს მიმართავს, 22 თებერვალს კი ამ საკითხს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

ლევან სიხარულიძე

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend