მთავარისაქართველოDCFTA-ის გეგმის 2020 წლის ანგარიში

DCFTA-ის გეგმის 2020 წლის ანგარიში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოისმინეს. დეპუტატებს მოხსენებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მიმართა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის განცხადებით, გასულ წელს ყველა ნაკისრი ვალდებულება შესრულდა.

„საქართველოს მთავრობის ყველა უწყებამ შეძლო ყველა პირობის შესრულება, რაც 2020 წლის განმავლობაში იყო გათვალისწინებული. გასულ წელს, ევროკავშირის ბაზარზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა,“ – განაცხადა მოხსენების ავტორმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

DCFTA-ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხს, დადებითად აფასებენ მმართველი პარტიის დეპუტატები. თუმცა, მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით ფართო სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვენ. დეპუტატების რჩევით, კერძო სექტორმა სახელმწიფოსგან ნაკლები ზეწოლით უნდა შეძლოს თავისი წარმოების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.

„ორივე კუთხე არის გასათვალისწინებელი. ერთის მხრივ, მთავრობამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესზე წნეხს არ გამოიწვევს. მეორეს მხრივ კი, ბიზნეს სექტორმა უნდა მოახერხოს ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც მათ წარმოებას და ქვეყანას, ევროკავშირთან დაახლოებს“, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშილი.

იმისათვის, რომ ქართული წარმოების პროდუქტები ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე დამკვიდრდეს, კერძო სექტორმა პროდუქციის წარმოების, ეტიკეტირების, შეფუთვის, საწარმოო ჰიგიენის და სხვა ნორმები უნდა დააკმაყოფილოს. შეთანხმება მრავალმხრივ ცვლილებებს ითხოვს. ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს გააფორმეს. დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებას და ქართული წარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნას ითვალისწინებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend