მთავარი ევროპა ავსტრია ავსტრიაში კარანტინის წესები შემსუბუქდა

ავსტრიაში კარანტინის წესები შემსუბუქდა

ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა. ქვეყანაში მაღაზიები, სკოლები, სილამაზის სალონები და მუზეუმები გაიხსნა. ავსტრიის მთავრობის განცხადებით, მათი პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია ფართო ტესტირებაა. ქვეყანაში კორონავირუსის ტესტის გაკეთება აფთიაქებში უფასოდ არის შესაძლებელი.

ავსტრიაში მოსახლეობა საყიდლებზე გამოვიდა. ქვეყანაში კარანტინის გამო დაწესებული რეგულაციები შემსუბუქდა. მაღაზიებსა და სკოლებს გახსნის უფლება მიეცათ. სტილისტი მიშელ გარგანო სილამაზის სალონის გახსნას სიხარულით შეხვდა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სალონები გაიხსნა და მუშაობის საშუალება მოგვეცა.“ – აცხადებს იგი.

თმის შესაჭრელად ავსტრიელებს კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.

იმისათვის, რომ კორონავირუსის ტესტის გაკეთება ყველასთვის ხელმისაწვდომი, იყოს ავსტრიის მთავრობამ ქვეყანაში უფასო ტესტირების ცენტრების რაოდენობა გაზარდა. სავალდებულო ტესტირებები ავსტრიის პანდემიასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიაა.

„ტესტირების ახალი მეთოდი ნამდვილად ინოვაციურია. თუ ამ მეთოდმა გაამართლა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ყოველდღიურად შევამოწმებთ.“ – აცხადებს ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი რუდოლფ ანშობერი.

ავსტრიელების მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას კრიტიკულად შეხვდნენ გერმანიაში. ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერმა მარკუს ბლუმემ ტვიტერზე დაწერა, რომ ავსტრია და ჩეხეთი თავიანთი უპასუხისმგებლო საქციელით საფრთხეს უქმნიან გერმანიას.

ბავარიაში ავსტრიასთან საზღვრის ჩაკეტვაზე განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ტიროლში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული წარმოშობის შტამი გამოვლინდა. ავსტრიაში აცხადებენ, რომ ისინი საზღვრებს მკაცრად აკონტროლებენ.

ავსტრიაში ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მომავალში ბევრი სხვა სახის მომსახურების მისაღებადაც იქნება აუცილებელი. ისინი, ვინც ტესტს არ გაივლიან, ვერც თმას შეიჭრიან და ვერც თეატრსა და კინოში წავლენ.

უახლესი

სხვა ამბები

ავსტრიაავსტრია