მთავარი საზოგადოება კაცი, რომელიც ტყეში მგლებთან ერთად ორი წელი ცხოვრობდა

კაცი, რომელიც ტყეში მგლებთან ერთად ორი წელი ცხოვრობდა

70-იან წლებში ბიოლოგი იასონ ბადრიძე ბორჯობის ხეობაში მგლებთან ერთად ცხოვრობდა, მისი მიზანი მგლებზე დაკვირვება და მათი ხასიათის შესწავლა იყო. იმ დროისთვის ბიოლოგები, მგლების წესებისა და ჩვეულებების შესახებ მცირე ინფორმაციას ფლობდნენ.

„ყველაზე საინტერესოა მგლის ქცევა როგორ ყალიბდება და მისი აზროვნების ფორმირება. ბუნებაში გაზრდილ მგელს აზროვნების დონე ისეთივე აქვს, როგორც სამ წლამდე ბავშვს“.

იასონ ბადრიძე

იასონი ბავშვობიდან აღტაცებული იყო მგლებით. მათ მიმართ ინტერესი 4 წლის ასაკში გაუჩნდა, როცა მამასთან ერთად ტყეში სეირნობდა და შორიდან ყმუილი შემოესმა. ამ ამბიდან 25 წლის შემდეგ, ის მგლებს დაუმეგობრდა და მათთან ერთად ნადირობდა კიდეც. მგლები მასზე ზრუნავდნენ, ნადავლს უნაწილებდბენ და დათვებს მის სიახლოვეს არ აკარებდნენ.

იასონ ბადრიძე
იასონ ბადრიძე ბორჯომის ტყეში

„თავიდანვე ვიცოდი, რომ ბევრი ძალისხმევა დამჭირდებოდა სანამ შევძლებდი მათთან დაახლოებას. ჩემი სუნით გაჟღენთილ ტილოებს და ჩემი შვილის საფენებს მათ სამოძრაო ბილიკებზე ვტოვებდი. 4 თვის შემდეგ ჩემს სუნსაც ცნობდნენ და ვიზუალურადაც მიცნობდნენ. მიხვდნენ, რომ სახიფათო არ ვიყავი და კონტაქტზე თვითონ გამოვიდნენ“.

იასონ ბადრიძე
ფოტო: იასონ ბადრიძე

საკვების საძებნელად მტაცებლები სოფლებს ხშირად უახლოვდებოდნენ, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. მთავრობის წარმომადგენლებმა, ერთი მგლის მოკლისთვის ჰონორარი 50 მანეთი დააწესეს, ხოლო ორსული ცხოველის შემთხვევაში თანხას თითოეული ემბრიონისთვის იხდიდნენ. ამიტომ, ტყე მონადირეებითა და მათი ხაფანგებით აივსო. ამ დროს იასონის, როგორც მეცნიერის ხელფასი, 140 მანეთს შეადგენდა.

იასონ ბადრიძე

„მგელი სოფელში გამოდის, როცა ოჯახში დომინანტი კვდება. ახალგაზრდებს დამოუკიდებლად ნადირობა არ შეუძლიათ და იოლი საკვებისთვის ადამიანებთან გამოდიან. ამ კატეგორიის მგლებზე ნადირობას ჩასაფრება სჭირდება, რაც ყველას ეზარება“.

იასონ ბადრიძე

მეცნიერი ბორჯომის ხეობაში მტაცებლებს ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა (1500 საათი). მგლებს სახელებიც შეარქვა, მაგალითად, ნესტორი, გურამი, მანანა და რუხი. როდესაც თავის მიზანს მიაღწია და მგლების შესწავლა დაასრულა, ტყიდან წამოვიდა, მაგრამ საქმიანობა არ მიუტოვებია. ასზე მეტი დაობლებული ან ტყვეობაში მყოფი მგელი აღზარდა, ბუნებაში გაშვებამდე კი თითოეულ მათგანს ადამიანებისთვის თავის არიდებას ასწავლიდა.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

უახლესი

სხვა ამბები

იასონ ბადრიძეიასონ ბადრიძე

Send this to a friend