მთავარი ამბები გოჩა ლორთქიფანიძე: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი...

გოჩა ლორთქიფანიძე: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის 8 თებერვლის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება.

„დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია,“ – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი ანგარიშის მიხედვით, სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც დააკამყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის საქმეზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე  განახორციელა ეთნიკური წმენდა და ამ პოლიტიკას დღემდე აგრძელებს.

„საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (ანუ საქართველოს განუყოფელი ნაწილის) ოკუპაცია, მაშასადამე, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი; 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა და რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკას დღემდე განგრძობადი ხასიათი აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებაში იყენებს ცნებას „ეთნიკური წმენდა“;  რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის განმახორციელებელ  სახელმწიფოს, ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით, ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში“, – განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

გოჩა ლორთქიფანიძემ თავის ანგარიშში აღნიშნა ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ქმდებას პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“ და რუსეტს ლტოლვილებსი უკან დაბრუნებსი ვალდებულება დააკისრა.

„სასამართლომ სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება, ანუ რუსეთის კონტროლი დაადგინა განგრძობადად – 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში; მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო, ფაქტობრივად, ამბობს: გადაადგილების თავისუფლების (მე-4 ოქმის მე-2 მუხლი) დარღვევა განგრძობადია და დღემდე გრძელდება, ხოლო რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ აღსრულების ეტაპზე;  სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დარღვევა დაადგინა რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში“, – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, სასამართლომ ფაქტობრივად მიუთითა, რომ რუსეთმა ომის დანაშაულები  უშუალოდ აგვისტოს ომის მიმდინარეობის დროს ჩაიდინა და საქართველოს ამ დანაშაულთა სრულყოფილად გამოძიების საშუალებას არ აძლევს.

„სასამართლომ, ასევე, ფაქტობრივად, თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, ომის დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (8-12 აგვისტო), რისი გამოძიების ვალდებულებაც მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების საფუძველზე. სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი იურისდიციის მიხედვით ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებლობად ხდის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში