მთავარიდღის ამბებივგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს - თეა ახვლედიანი

ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს – თეა ახვლედიანი

საქართველოს მთავრობა გმობს და უსაფუძვლოს უწოდებს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უკანონო სასამრთლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელიც 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ  ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს  იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით. უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავესს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის  მიხედვით, საქართველო გააგრძელებს  ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული საქართველოს თითოეული მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან  ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე. და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს,“ – განმარტა თეა ახვლედიანმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend