მთავარი ამბები პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე იწყებს მუშაობას

პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე იწყებს მუშაობას

პარლამენტი საარჩევნო რეფორმზე იწყებს მუშაობას. ამ მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში  სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების წარმოამდგენლებიც შევლენ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე წლის პირველ მარტამდე წარედგინება და პირველ მაისმადე დამტკიცდება.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სპეციალური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი იქნებიან.

„ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეპტიციზმის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, როლის მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს“, – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის მიხედვით, დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა უპრეცედენტო იქნება და გატარდება მიუხედავად იმისა, არ ასრულებს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია თავის საპარლამენტო მანდატს.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობამ უკვე გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი პარტია „მოქალაქეებთან“. პაპუაშვილის ინფორმაციით, მემორანდუმი 10-ზე მეტი პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით:

შეიცვლება ცენტრალური საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო-ს) თავმჯდომარის შერჩევის წესი;

ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება ნორმები ადმინისტარციული რესურსის გამოყენების შესახებ,. ასევე გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყონ დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა. საქართველოს დიდ ქალაქებში, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 20/1-ზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში, თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ 2/1-ზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ;

დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც პაპაუაშვილის მოსაზრებით, გამორიცხავს მანიპულაციასა და ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30 წლიან პრობლემას;

გარდა ამისა, მმართველი პარტია მზადაა განიხილოს საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შევა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად.

„ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე უმრავლესობის მხრიდან ვიქნები მე, ხოლო ოპოზიციის მხრიდან თანათავმჯდომარე იქნება შეთანხმების მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი. სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ლი მაისისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

უახლესი

სხვა ამბები