მთავარიამბებიოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მმართველი პარტია 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის ჩაგდებას აპირებს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ  პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2 თებერვლას პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბმისად, საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება და  ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

“დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი – პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; გარდაიცვალა; დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. პარლამენტი ვალდებულია დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულ ნორმას პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, სადაც ასევე წერია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, უმრავლესობა თვლის, რომ ოპოზიციის გადწყვეტილება უარი თქვას პარლამენტში შესვლაზე, საბოტაჟია, რომელიც გასულ კვირაში ევროსაბჭომაც მწვავედ გააკრიტიკა. ამიტომ უმრავლესობა გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, რომ საბოტაჟის ინიციატორ დეპუტატებს არ შეუჩეროს საპარლამენტო მანდატები.

„ქართული ოცნების“ ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას: – რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიხედვით, ოპოზიციის დეპუტატებსმ რომლებსაც საქართვეკლოს ამომრჩეველთა 39-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება, რომ  პატივი სცენ საკუთარი მხარდამჭერების ნებას.

„საქართველოს პარლამენტში უკვე წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყოველგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც წარადგინეს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, საპარლამენტო არჩევნებში მხარი ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა დაუჭირა. შესაბამისად, ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი, როგორც ეს უკანასკნელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, მათი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა,“ – ამბობს კობახიძე.

გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“  გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრება,  რომელიც თვლის, რომ  რადიკალური ოპოზიციას კონსტრუქციულ გზაზე  გადასვლის კიდევ ერთი შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით უმრავლესობას სურს პარლამენტში შესვლა გაუდვილოს იმ 20-მდე დეპუტატს, რომლებიც  სავარაუდოდ,   შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ დგამს ამ ნაბიჯს.

„ბოლოს, გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა მან ხაზგასმით აღვნიშნა, რომ უმრაველსობის გადაწყვტილება  არ ნიშნავს „ქართული ოცნებისა“ და მისი  მხარდამჭერების დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ.

„ ჩვენი პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მონაწილეობა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესებში ასრულებს თვისებრივად უარყოფით და კონტრპროდუქტიულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ჩვენ დღეს მათთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან შევიკავებთ თავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მანევრირების ძალიან დიდი რესურსი, მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: პარლამენტში შესვლა ან არშესვლა. გვესმის, რომ ორივე არჩევანი მათთვის რთული და პრობლემურია, თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ მდგომარეობაში მათ თავისივე არასწორი ქმედებებით ჩაიყენეს თავი”, – განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი დადგენილებით წყვეტს. გადაწყვეტილების მიღებას სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend