აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარის ლიდერის დაკავებას ეხმაურება და სანქციებს არ გამორიცხავს. აშშ-ის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს ძალაუფლებას დაათმობინებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მიანმარის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაკავებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა. ბაიდენმა ასევე მოუწოდა მიანმარის სამხედროებს, მოხსნან ყველა სახის შეზღუდვა ტელეკომუნიკაციებზე და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობისგან.
მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის მმართველები დააპატიმრა. მიანმარელი სამხედროები გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან.