საქართველო სრულად არის მომზადებული ვაქცინაციის ეტაპზე გადასასვლელად. ამისთვის უკვე არსებობს ვაქცინაციის გეგმაც, მომზადებულია ინფრასტრუქტურა, შერჩეულია კლინიკები, გადამზადებულია მედპერსონალი, საკანონმდებლო დონეზეც ყველა შესაძლო რისკი გადაზღვეულია, რათა მოქალაქეების როგორც ჯანმრთელობა, ისე მათი უფლებრივი მდგომარეობა იყოს დაცული. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ 2 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, ვაქცინაციის კამპანიის დროს აუცილებელია, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, რათა ერთ მხრივ მოსახლეობას არ ჰქონდეს ვაქცინის მიმართ უსაფუძვლო შიში, მეორე მხრივ შეფასდეს ის რისკი, რაც შეიძლება აუცრელობას მოჰყვეს შედეგად.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია თებერვლის ბოლომდე შემოვა და პირველ რიგში მედპერსონალს აცრიან.
„გვრჩება ერთი რამ, საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა, რომ მოქალაქეებში უსაფუძვლო შიში არ გაჩნდეს და რეალურად შეფასდეს ის რისკები, რაც გამორჩეულად დიდია ვაქცინის გარეშე. საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას, შეზღუდვების უფრო სწრაფად მოხსნას და ქვეყნის განვითრების უსწრაფეს რეაბილიტაციას,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი განმარტებით, დღეს მსოფლიო და მათ შორის საქართველოც, კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. საჭიროა ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვა. ამისთვის საქართველოში უკვე შემუშავებულია ვაქცინაციის გეგმა, მომზადებულია ინფრასტრუქტურა, შერჩეულია კლინიკები, გადამზადებულია მედპერსონალი, საკანონმდებლო დონეზეც ყველა შესაძლო რისკი გადაზღვეულია, რათა მოქალაქეების როგორც ჯანმრთელობა, ისე მათი უფლებრივი მდგომარეობა იყოს დაცული.
დიმიტრი ხუნდაძის მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო პრემიერის ხელმძღვანელობით დღემდე მუშაობს და მართავს ძალიან რთულ პროცესს. უწყების ხელმძღვანელები, ეპიდემიოლოგები, ექიმები, მესაზღვრეები, შემოსავლის სამსახურის თანამშრომლები, პოლიციელები, სამხედროები და სხვები აქტიურად არიან ჩართული კრიზისის მართვაში.