მთავარი ევროპა რუსეთი რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 5 000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 5 000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავებმა რუსეთის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოსიარულეთათვის ჩაკეტეს, მეტროს ცენტრალური სადგურები კი დახურეს.

ყველაზე ბევრი ადამიანი მოსკოვში გამართულ აქციაზე დააკავეს. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

უფლებადამცველები და აქტივისტები დაშავებულების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ.

შეერთებული შტატები დემონსტრანტების დარბევის ფაქტებს აკრიტიკებს და კრემლს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოიწოდებს.

„აშშ გმობს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ზომების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ”, დაწერა ტვიტერზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის განცადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად მიიჩნევს და ვაშინგტონს ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და რომლებიც მასობრივი დაკავებებით დასრულდა. რუსეთის ხელისუფლება აქციებს არაკანონიერს უწოდებს, ხოლო დაკავებულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend