პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოქალაქეები აბორტის აკრძალვის კანონს აპროტესტებენ. ახალი კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთება ქალს ეკრძალება იმ შემთხვევების გარდა, თუ ნაყოფის დატოვებით დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ქალი გააუპატიურეს ან იგი ინცესტის მსხვერპლი გახდა. დეტალები ვნახოთ სიუჟტში.
ვარშავაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები აბორტის აკრძალვის კანონს აპროტესტებენ.
პოლონეთის დედაქალაქში გამოსვლები ოთხშაბათიდან დაიწყო და მონაწილეების მთავარი მოთხოვნა აბორტის ლეგალიზაციაა.
“არ მინდა აქედან წასვლა. ეს ჩემი ქვეყანაა და არ მინდა ვინმემ თავისი საქციელით პოლონეთის დატოვება მაიძულოს. მე ვიბრძოლებ ამ ქვეყნისთვის. მე მაქვს ძალა და იმედი, რომ ბევრი რამ შეიცვლება.“
„ეს ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება. სამხრეთ ამერიკაში ქალთა უფლებების დასაცავად წლების განმავლობაში იბრძოდნენ. ახლა აბორტი ლეგალიზებულია. იმედი მაქვს, რომ პოლონეთშიც, თუნდაც ამას დღეები ან თვეები დასჭირდეს, ამ ბრძოლას მოვიგებთ.“
კანონი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოქტომბერში დაამტკიცა, რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონის მიხედვით, აბორტი იკრძალება იმ შემთხვევაშიც, თუ ნაყოფს თანდაყოლილი ანომალია აქვს.
პოლონეთი კათოლიკური ქვეყანაა, სადაც ახალი კანონის დამტკიცებამდეც მოქმედებდა უმკაცრესი კანონები აბორტთან დაკავშირებით.