სოციალურ ქსელში „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინების წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.
ვებგვერდმა Geomediapress.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „ფაიზერის“ ვაქცინა შეაჩერეს“. ეს სტატია სოციალურ ქსელში გააზიარეს. ფაქტის გადამმოწმებლებმა მას უკვე გაუკეთეს სპეციალური მონიშვნა, რომლითაც მომხმარებელი ხვდება, რომ სტატიაში რამდენიმე ცრუ ინფორმაციაა.
ამ სტატიის მიხედვით, „ფაიზერის“ წარმოების შეჩერების მიზეზი ნორვეგიაში 400 ადამიანის სიკვდილი გახდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია 14 იანვარს გავრცელდა. ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ გარდაიცვალა მოხუცთა თავშესაფარში მყოფი 33 ადამიანი. ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა სიკვდილის მიზეზების შესწავლა დაიწყო. გამოძიებამ ვაქცინასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის პირდაპირი კავშირი ვერ დაადგინა. ამ მოხუცებს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
ნორვეგიაში ვაქცინაცია განსაზღვრული გეგმის შესაბამისად გრძელდება.
ვაქცინაციის დეზინფორმაციის საფრთხეებზე „ევრონიუს ჯორჯიას“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტების მენეჯერი, მარიამ წიწიკაშვილი ესაუბრა.