მთავარისაქართველო"სევდაგულის" დაბადება - საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის შემთხვევებმა იკლო

“სევდაგულის” დაბადება – საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის შემთხვევებმა იკლო

საქართველოში გენდერული ნიშნით  სქესის შერჩევა წლების განმავლობაში აქტუალური პრობლემა იყო. ამის შედეგად ბოლო 25 წლის განმავლობაში 30 000 გოგონა არ დაიბადა. ეს ვითარება წლების განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა.

საქართველოში შეხვდებით ქალებს, რომელთაც ასეთი სახელები ჰქვიათ: არმინდა, მეწყინა, კმარა, გულსარა და სევდაგული…

მაშინ როდესაც ვაჟებს შენგელისა და მოგელის არქმევდნენ.  სახელები თითქოს ბავშვის დაბადებისას მშობლების ან ოჯახის წევრების განწყობას გამოხატავს …

წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრობლემა საქართველოსათვის აქტუალური იყო.

მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პროცესში ექიმის როლზეც საუბრობს.

 

“დღესდღეობით ძალიან დაიხვეწა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებები. შესაბამისად, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ჩვენს კოლეგა რადიოლოგებთან და შევთანხმდით, რომ თვრამეტ კვირამდე ფაქტობრივად არც ერთი რადიოლოგი მომავალ მშობლებს ბავშვის სქესს არ ეუბნება. შესაბამისად, ამ გზით ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ სელექციური აბორტის შემთხვევები”, –  განაცხადა ზაზა სინაურიძემ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშის მიხედვით,  ათწლეულების განმავლობაში საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ათასობით შემთხვევა დაგროვდა. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი და უმთავრესი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია. ოჯახი ვაჟის დაბადებას მარჩენალის შემომატებად აღიქვამს, და „გვარის გამგრძელებლის“ გარდა აქ ეს ფუნქციაც ასრულებს როლს.

“საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. წინა წლებში 120 ბიჭზე მხოლოდ 100 გოგონა იბადებოდა, რაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია. როგორც წესი, შეფარდება 105 დაბადებულ ვაჟზე 100 გოგონა არის.” ამბობს უნივერსიტეტ GIPA-ს პროფესორი, თიკო ცომაია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული შობადობისა და მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში 1990-2015 წლებში გენდერული ნიშნით შერჩევის გამო  31 ათასი გოგო ვერ დაიბადა.

ამ კვლევის მიხედვით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გასული საუკუნის 90-იან წლებში იდგა. თუმცა, ამ ფონდის პროექტის კოორდინატორი მარიკა ქურდაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მეტად მცირდება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის შემთხვევები.

“როგორც 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებასთან. ამავდროულად გაძლიერდა სოციალური ინსტიტუტები, რომელიც ოჯახებისათვის დაცვის გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი ნაკლებად დამოკიდებულნი ხდებიან კონკრეტულად რომელიმე სქესის შვილზე. ამასთან ერთად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დადებითი ფაქტორი ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერება გახლავთ.” – განუცხადა “ევრონიუს ჯორჯიას” მარიკა ქურდაძემ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით,  საქართველოში მშობლები მუცლად მყოფი გოგოების სიცოცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას სულ უფრო ნაკლებად იღებენ და მათი  დაბადებაც ერთნაირად უხარიათ.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend