ვაქცინით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობის აღებას სახელმწიფოც აპირებს. შესაბამისი ცვლილება საქართველოს პარლამენტში განიხილება და უკვე ჯანდაცვისა და სოცლაურ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერაც მიიღო. ცვლილება პანდემიის უკეთ მართვას ემსახურება.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 27 იანვარს მეორე მოსმენით მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებები.
კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.
მოქმედ კანონში ცვლილება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის ეფექტიანად განხორციელებისა და მართვის მიზნით შეაქვთ.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომლითაც კონკრეტულად განისაზღვრება ფარმაცევტული პროდუქტის (ვაქცინა ან მედიკამენტი) გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი მხარეები.
პროექტით, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან მინიჭებული აქვს ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. გამოინაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დაწესებულება, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ანტონ ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი და დავით სერგეენკო.
კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე განიხილავს.