მთავარიმსოფლიოამბები 76 წლის შემდეგ - 27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეს...

ამბები 76 წლის შემდეგ – 27 იანვარს მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

76 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. 27 იანვარს მთელი მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჰოლოკოსტი 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ ებრაელებისა და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული მასობრივი გენოციდია, რომელსაც  6 მლნ-ზე მეტი ებრაელი ემსხვერპლა.

ისრაელის საელჩოს დახმარებით, იაჰონათანმა და იეჰელმა თავიანთი წინაპრების ისტორიები მოგვითხრეს.

იეჰელმა თავისი დიდ ბაბუაზე, იეჰოშუასა და მის ძმაზე, იოზეფ გუზიკზე ისაუბრა. ძმები პოლონეთში, დუკლაში ცხოვრობდნენ. იოზეფ გუზიკი 1964 წელს გარდაიცვალა. იგი ამერიკაში მასწავლბელად მუშაობდა. მისმა ძმამ, იეჰოშუამ კი 1954 წელს ისრაელში დაასრულა სიცოცხლე.

„მახსოვს ის დღე, როდესაც გავიაზრეთ, რომ დუკლადან უნდა გავქცეულიყავით და თავშესაფარი გვეპოვა. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ გადარჩენის საუკეთესო გზა ისეთი ოჯახის მოძებნა იქნებოდა, რომელიც შეგვიფარებდა. ძალიან გვციოდა, ბნელოდა და გარშემო მხოლოდ ხეების ჩრდილები გვერტყა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ გადამხდებოდა.

სოფელს რომ მივაღწიეთ, სახლებს შორის დავდიოდით და დასამალ ადგილს ვეძებდით. ეს მარტივი არ იყო – თითოეული ნაბიჯი უფრო დიდ საფრთხეს ნიშნავდა. ტბასთან ერთი სახლი ვიპოვეთ, აქ ბევრი ცხოველი ჰყავდათ. სახლის კარზე მაშინვე შევამჩნიე ოჯახის გვარი – ველტცერი. ოჯახის ერთ-ერთ წევრს, პოლონელ ფერმერს, უკვე ვიცნობდი. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბედი გვეცადა.

ველცერის ოჯახმა თბილად მიგვიღო. ჩვენ მადლიერნი ვართ თითოეული წამისა. უკვე ორი წელია, რაც აქ, სხვენში, ვიმალებით და ვფიქრობთ, რას გვიმზადებს ბედი? რა ბედი ეწევა ჩვენს ხალხს?

შიმშილი, მარტოსულობა, შიში. მხოლოდ რწმენა, წერა და ფერმერის შვილი, ანია მეხმარებოდა, რომ ამ ყველაფრისთვის გამეძლო. ძალიან გამიხარდა, როცა ის იმ სხვენში ამოვიდა, რომელშიც ჩვენ ვიმალებოდით. თან მოიტანა ცოტაოდენი საჭმელი, გაზეთი და სამაგიდო თამაში. ის მხოლოდ 12 წლის იყო, თუმცა ჩვენს საიდუმლოს ერთგულად ინახავდა.

უნდა ჩავიწერო მკვლელებისა და დახოცილთა სახელები და ჩემს დღიურში აღვწერო ის საშინელი ამბავი და ყველა ის ქმედება, რომლებიც გერმანელებმა, პოლონელებმა და მათმა მოკავშირეებმა ჩაიდინეს. ვინ იცის, რა დარჩება ბოლოს? მე იმ ხალხის შესახებ უნდა მოვყვე, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

რუსები გვიახლოვდებიან და შორიახლოს დაბომბვის ხმა გვესმის. გუშინ დაბომბვის გამო ჩვენი მხსნელი – პოლონელი ფერმერი გარდაიცვალა. თავისუფლება უკვე ახლოსაა, მაგრამ გადავრჩებით კი?“

ჰოლოკოსტი

იეჰონათანმა კი მისი დიდი ბებიის,მირიამის ისტორია გვიამბო. მირიამ გელი 1926 წელს დაიბადა და ის ახლა თელ-ავივში ცხოვრობს.

“მე, ჩემი დები და დედაჩემი მატარებელში შეგვყარეს. უამრავი ვაგონი გაავსეს ხალხით.  ჩვენ გრძელი და რთული მოგზაურობა დავიწყეთ ოსვენციმამდე. როდესაც   დაღლილები და ძალაგამოცლილები მატარებლიდან გადმოვედით, მენგელესთან მიგვიყვანეს. ის ცხენზე იჯდა და გვკარნახობდა, ვინ წავიდოდა მარჯვნივ და ვინ მარცხნივ.  სწორედ ის წყვეტდა, ვინ გადარჩებოდა და ვინ მოკვდებოდა. მოხუცები და ჩვილები გაზის კამერებში შეყარეს და დაწვეს. ახალგაზრდები კატორღაში გაუშვეს.  მე და ჩემი დები დაგვაშორეს დედას, რომელიც ასევე გაზის კამერაში გაამწესეს. ამ დღეს დედა ბოლოჯერ ვნახეთ. შემდეგ სხეულზე ნიშნებს გვიკეთებდნენ, გვნომრავდნენ. ამბობდნენ, რომ ვისაც ამას გაუკეთებდნენ, ის სამუშაოდ უნდა გაეშვათ. წაგვართვეს ტანსაცმელი, შეგვაჭრეს თმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ ადამიანებს არ დავმსგავსებოდით. მუშაობას გვაიძულებდნენ, ძალიან მძიმე ქვები იყო, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორემდე უნდა გადაგვეტანა. შემდეგ კვლავ მატარებელში დაგვაბრუნეს. მატარებელი ტყეში გააჩერეს, ჩამოგვყარეს და რიგში დაგვაყენეს. უნდა დავეხვრიტეთ.  ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ველოდებოდით, როდის დასრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ მოულოდნელად გაჩერდნენ. ერთმანეთს რაღაცებს უყვიროდნენ და ამბობდნენ, რომ ბრძანება შეიცვალა. გვითხრეს, რომ სხვა ადგილას უნდა წავეყვანეთ. შემდეგ ისევ დაგვაბრუნეს მატარებელში და ასე გადავრჩით, ისევ. “

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend