მთავარი COVID-19 უტრანსპორტობის 60 დღე

უტრანსპორტობის 60 დღე

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი აღმოჩნდა. უკვე ორი თვეა მოქალაქეებს ძირითადად ქვეითად ან ტაქსით გადაადგილება უწევთ. ეპიდემიოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის.რამდენიმე დღეა თბილისში ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებიც იმართება.

უკვე სამოცი დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრები ვერ სარგებლობენ. გადაადგილება თბილისსა და დიდ ქალაქებში შეზღუდულია. მოქალაქეებს გამოსავლის ძებნა უწევთ, რაც ზოგჯერ მათთვის მარტივი არ არის.

“საბურთალოდან ფეხით გამოვედი სოლოლაკში და ისევ ფეხით მივდივარ უკან. ეს ყველაფერი ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს. რა აზრი აქვს საერთოდ რაიმეს გახსნას – მაღაზიები იქნება ეს თუ ოფისები, თუკი ფიზიკურად მიმოსვლის პრობლემა იქნება?”

“უკვე დიდი ხანია ტრანსპორტი გაჩერებულია, ნამდვილად საჭიროა გახსნა. მაგრამ გახსნის შემთხვევაში, რეგულაციები აუცილებლად უნდა იყოს დაცული”

“ძირითადად ფეხით დავდივარ, მაგრამ ვისაც ტრანსპორტი სჭირდება, უნდა გავუწიოთ ანგარიში. თუმცა ვფიქრობ, მაინც დიდი შანსია, რომ ვირუსი ყველაზე მეტად ასე გავრცელდეს” – ამბობენ მოქალაქეები ქუჩებში.

ეპიდემიოლოგი ეკა ქარქაშაძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის ინფიცირების საფრთხე არც ისე მაღალია.

“სხვდასხვა საერთაშორისო კვლევაში, რომლებსაც ვეცნობით, ნათქვამია რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიცავს გაცილებით ნაკლებ რისკს, ვიდრე სხვა სახის შეკრება. მაგალითად, ოფისში მუშაობა. საფრანგეთის ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის მაისიდან ოქტომბრამდე ინტერვალში კლასტერების მხოლოდ ერთი პროცენტია დაკავშირებული საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, ანუ ინფიცირების ერთეული შემთხვევები გამოვლინდა” – განმარტავს ეპიდემიოლოგი ეკა ქარქაშაძე.

“ღია საზოგადოების ფონდის” იურისტი გიორგი ჩიტიძე ამბობ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება მოქალაქეების უფლებებს არღვევს.

“მოქალაქეების უფლებები ბევრი მიმართულებით ირღვევა – დაწყებული გადაადგილების თავისუფლებიდან, კომენდანტის საათის ჩათვლით. ასევე იზღუდება შრომის თავისუფლება, გაფიცვის, საკუთრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების უფლებაც. შეიძლება ითქვას, მთელი სპექტრია სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების და არა მხოლოდ, რაც ამ რეგულაციების გამო იზღუდება და არაკონსტიტუციურია” – ამბობს იურისტი გიორგი ჩიტიძე.

პანდემიის მართვისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან, დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, თუმცა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ერთი თვის შემდეგ იგეგმება.

“თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაურკვეველია ავტობუსების განრიგის ნაცვლად, კიდევ რამდენ ხანს იქნება გაჩერებების ტაბლოებზე წარწერა – კავშირი შეფერხებულია….”

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები