მთავარი ამბები მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად გვაქვს კარგი პერსპექტივა, რომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ...

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად გვაქვს კარგი პერსპექტივა, რომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე

იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც საქართველომ ასოცირების ხელმოწერიდან ექვს წელიწადში მიაღწია, ნამდვილად არის პერსპექტივა იმისათვის, რომ 2024 წელს ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

25 იანვარს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და  ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.

„მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი საქმიანობის საწყის ეტაპზევე ხელი შევუწყოთ მჭიდრო კავშირების დამყარებას ჩვენ ევროპელ კოლეგებთან. აუცილებელი იყო ის, რომ მათთვის გაგვეცნო ის გეგმები რაც ჩვენ გვაქვს დასახული ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი განმარტებით, საინტერესო იყო ისიც, რომ გასულ კვირას ევროპარლამენტი მსჯელობდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. და საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები ორივე მიმართულებით შედგენილ რეზოლუციაში აისახა.

„საყურადღებოა, რომ საქართველოს შესახებ გზავნილები ორივე რეზოლუციის ტექსტში იქნა ასახული,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი განხილვების დროს საჭიროა, რომ მუდმივად ვიყოთ ჩართულები. როდესაც ევროკავშირი მსჯელობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები იყოს ყოველთვის ამ კონტექსტში დანახული. სასიამოვნოა, რომ  ევროპარლამენტში ეს განწყობა და ეს ხედვა არის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტარები დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს პერსპექტივა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთოს.

„ეს იყო რეალურად პირველი შესაძლებლობა რომ ევროპარლამენტარებისთვის ჩვენი ამბიციური გეგმები გაგვეცნო, რასაც საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს თუ როგორ ხდება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება და ამ თვალსაზრისით, ერთმნიშვნელოვნად ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო რეფორმების გატარების კუთხით, ნამდვილად არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც ქვეყანამ მიაღწია ასოცირების ხელმოწერიდან ექვს წელიწადში, ნამდვილად გვაქვს კარგი პერსპექტივა იმისთვის რომ ამბიცია გვქონდეს 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების, ევროპელი პოლიტიკოსების, ევროპაში საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ჩამოყალიბება. შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დელგაციის ბრიუსელში ვიზიტი იყო პირველი ნაბიჯი ამ მხარდაჭერის მისაღებად.

„განწყობები საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია. საქართველო ნამდვილად შეძლებს იმ მხარდაჭერის მოპოვებას, რაც ჩვენ გვესაჭიროება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

უახლესი

სხვა ამბები

მაკა ბოჭორიშვილიმაკა ბოჭორიშვილი