მთავარისაქართველოკორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველი თებერვლიდან, ნაწილი კი პირველი მარტიდან მოიხსნება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველი თებერვლიდან, ნაწილი კი პირველი მარტიდან მოიხსნება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველი თებერვლიდან, ნაწილი კი პირველი მარტიდან მოიხსნება. თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა ძალაში კვლავ განუსაზღვრელი დროით რჩება.

28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველ თებერვალს მოიხსნება. შეზღუდვების დაწესებიდან 65 დღის შემდეგ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება, თუმცა მუშაობის უფლება მათ შაბათ-კვირას არ ექნებათ. დასვენების დღეებში არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტიც იმ ხუთ ქალაქში, რომლებშიც ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან აღდგება. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდებიან. კვების ობიექტები პირველი თებერვლიდან მხოლოდ აჭარაში გაიხსნება. ისინი სტუმრების მომსახურებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ.
“ბუნებრივია, შეზღუდვები ძალაში რჩება ქორწილებთან ან ნებისმიერ სხვა დიდ წვეულებასა თუ სარიტუალო ღონისძიებასთან დაკავშირებით. სხვა რეგიონებში, მათ შორის სასტუმროებში, რესტორნები და კვების ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას მიტანის სერვისით, იმ წესების დაცვით, რომლებიც დღეისათვის მოქმედებს,” – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

დაწესებული შეზღუდვების ნაწილი პირველ მარტამდე კვლავ ძალაში რჩება. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრასნპორტის აღდგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი. სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში მოსწავლეებისა და სტუდენტების დაბრუნებაც პირველი მარტიდან იგეგმება. ასევე გაზაფხულის პირველი დღიდან აღდგება საბავშვო ბაღების მუშაობაც.

“ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ამიტომ შემსუბუქების შემდეგ აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება, რომ განვსაზღვროთ, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი დავიწყოთ. ასე შეთახმდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ეპიდვითარების მუდმივი მონიტორინგი უნდა იყოს შეზღუდვების შემსუბუქების წინაპირობა”, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

“იქიდან გამომდინარე, რომ პირველი თებერვლიდან იწყება გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, ჯანდაცვის სისტემა კვლავ მობილიზებული იქნება როგორც ტესტირების, ასევე კლინიკებში კოვიდპაციენტთათვის თავისუფალი საწოლების არსებობისა და პირველადი ჯანდაცვის მხრივ, იმისათვის, რომ თუ ოდნავ მაინც გაიზრდება რისკები, პასუხი იყოს შესაბამისი”, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
საქართველოს ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. პირველ მარტამდე ძალაში რჩება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა – საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე კვლავ იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვა კი ძალაში განუსაზღვრელი ვადით რჩება. პირველი თებერვლიდან კი იხსნება შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე და ის პროტოკოლის დაცვით აღდგება.

ავტორი: ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend