მთავარი საქართველო "ყველა თაობას გვიწევს გარკვეული ფასის გადახდა თავისუფლებისთვის" - რეზერვისტების ამბავი

“ყველა თაობას გვიწევს გარკვეული ფასის გადახდა თავისუფლებისთვის” – რეზერვისტების ამბავი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. 12-წლიანი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ამ ომში ქართული არმიის ნაწილებთან ერთად რეზერვისტებიც იბრძოდნენ. ისინი სამხედრო მოქმედებებში ომის დაწყების შემდეგ, მალევე ჩაერთნენ. მოგიყვებით ორ რეზერვისტზე, რომლებიც 21 წლის ასაკში, მოხალისეებად წავიდნენ ომში მანამ, სანამ მათ ოფიციალურად გაიწვევდნენ სამხედრო სამსახურში.

ზურა იაშვილი და ნიკოლოზ ნავინი ომში 8 აგვისტოს, გამთენიისას, რიყის პარკიდან წავიდნენ. 21 წლის რეზერვისტების გზა ომამდე ერთ საათს გაგრძელდა.

„ჩემი ოჯახის წევრები ელოდებოდნენ, რომ წავიდოდი რეზერვში. გამიმზადეს ყველაფერი – პირადი ნივთები, თეთრეული, ბებიაჩემის გამომცხვარი გემრიელი ხაჭაპურები, რომ ბიჭებისთვის გამენაწილებინა. უცბად აღმოჩნდა, რომ ეს დიდი ჩანთა, რომელიც მიმქონდა რეზერვში, ჩავდე უფრო დიდ სამხედრო ჩანთაში, რომელიც ომისთვის მომცეს და ასე აღმოვჩნდი ომის შუაგულში“ – იხსენებს რეზერვისტი ნიკოლოზ ნავინი.

„მივედით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. იქ საწყობებში ინახებოდა ჩვენი კუთვნილი ეკიპირება, რომელიც მალევე მოვიძიეთ. ჩავიცვით, ავიღეთ შეიარაღება, ტყვია-წამალი და იმავე ავტობუსით, გავემართეთ კონფლიქტის ზონისკენ“ – იხსენებს რეზერვისტი ზურა იაშვილი.

როგორ ეომათ კარგად არ იცოდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ თავისუფლებისთვის უნდა ებრძოლათ. ამბობენ, რომ მათი ბავშვობა სწორედ აქ დასრულდა.

„უდარდელობა, რომელიც მოაქვს იმ ასაკს, როცა განცდა გაქვს, რომ ხარ მარადიული, იმ დროს თითქოს დამთავრდა. ეს იყო პირველი ზიარება სტრესულ სიტუაციასთან, სიკვდილთან შეხებამ ჩვენში გარდატეხა მოახდინა“ – ამბობს ნიკოლოზ ნავინი.

„თავისუფლება არის ისეთი ღირებულება, რომლისთვისაც ფასს მუდმივად ვიხდით. ყველა თაობას გვიწევს გარკვეული ფასის გადახდა იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები, როგორც სახელმწიფოებრივად, ისე ინდივიდუალურად. სახელმწიფოებრივი თავისუფლების გარეშე ინდივიდუალური თავისუფლება არ და ვერ იარსებებს“ – განმარტავს ზურა იაშვილი.

სასიკვდილოდ დაჭრილები მაშინ ცხოვრებაში პირველად ნახეს.

„ჩემთვის იყო ყველაზე რთული, როდესაც დავინახე, რომ საცხოვრებელი კორპუსი იყო დაზიანებული ჭურვებისგან და ცეცხლი ეკიდა. ადამიანები იყვნენ დასახიჩრებულები. ვხედავდი მოხუცებს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. შენ კი ამ დროს უბრალოდ ვერაფერს აკეთებ“ – იხსენებს ნიკოლოზ ნავინი.

4 დღის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ. მაგრამ დაბრუნება მათთვის ომზე რთული აღმოჩნდა.

„იმ დროს ის არის შენთვის მოცემულობა. იქ არც შიშის დროა, არც არაფრის. უბრალოდ ხარ ძალიან ფხიზლად და მოქმედებ. ეს მოქმედება გიმსუბუქებს ამ ტკივილს და ყველაფერს. მაგრამ როცა უკვე მოდიხარ და უყურებ, როგორი განადგურებულია ყველაფერი, სახლები იწვის, აპოკალიპტური სურათია, მაშინ ხვდები, რომ შენ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია და ინაცვლებ უბრალოდ დამკვირვებლის პოზიციაში“ – ამბობს ნიკოლოზ ნავინი.

დღეს კი, იმაზე საუბრობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ 12-წლიანი დავა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

„ეს არის ძალიან დიდი იარაღი ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. ძალიან გაურთულდება ამის შემდგომ რუსეთის ფედერაციას, რომ კვლავაც ისე უტიფრად ამტკიცოს, თითქოს ეს ომი საქართველომ წამოიწყო. თითქოს რუსეთი რაღაც ჰუმანიტარული მისიით ჩაერთო ამ ომში და თითქოს რომელიღაც ეთნოსს რომელიღაცის აგრესიისგან იცავდა. ეს არგუმენტები თავიდან ბოლომდე ჩამოინგრა ამ ერთი გადაწყვეტილებით” – განმარტავს ზურა იაშვილი.

ზურა და ნიკოლოზი ომის ამბებს ახლა ფოტოებით იხსენებენ. მათგან, ვინც ამ ფოტოებზე ჩანს, ყველა გადარჩა…

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

აგვისტოს ომიაგვისტოს ომი