47 წლის მაკა ღვინაძე, თბილისის ერთ-ერთი კლინიკის კოვიდთერაპიის უფროსი ექთანია. ამბობს რომ მისი საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო მომენტი, უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის სახლში გაცილებაა.
„პაციენტი პაციენტია, არა აქვს მნიშვნელობა ინფიცირებულია თუ არა, მაგრამ კოვიდპაციენტის მკურნალობის დროს საკუთარ თავს უფრო მეტად იცავ და ეს ძალიან უხერხულია. ერიდები პაციენტთან ახლო კონტაქტს, როცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაფარული სახით, თვალებით, კომბინიზონით მკურნალობა გიწევს, ის ვერ გხედავს, ვერ აღგიქვამს და ასე ურთიერთობა ძალიან რთულია.
მე დილის 9 საათიდან განუსაზღვრელი დროით სამსახურში ვარ და ჩემი კოლექტივის დაცვაზე ვზრუნავ. მათ ხალათებს, პირბადეებს, მედიკამენტებსა და ყველა საჭირო ნივთს ვუმზადებ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ექთნები და ექიმები ინფიცირებისგან დაცვა გვევალება. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
ძალიან ცუდია, როდესაც საღამოს მირეკავს ეპიდემიოლოგი და მეუბნება, რომ დაინფიცირდა ჩემი კოლეგა, მაგრამ ამაზე უფრო რთულია, როდესაც მე მიწევს კოლეგასთან დარეკვა და თქმა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადები ხოლმე.“ მაკა ღვინაძე, კოვიდთერაპიის უფროსი ექთანი.