მთავარიკუბისტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსული მხარე განსხვავებულ ინტერპრეტაციას ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსული მხარე განსხვავებულ ინტერპრეტაციას ავრცელებს

რუსული მხარის მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ბრალდებები სტრასბურგის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

დავის მხარეები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ორივესთვის სასიკეთო გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლომ საქართველოს მხარის ბრალდებები ძირითადად დააკმაყოფილა.

რუსულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ ინფორმაცია ასეთი სათაურით გაავრცელა – „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია“. ამის გამო სოციალური ქსელში რუსმა მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ საქართველო ამ პროცესში დამარცხდა.

„ბიბისის“ რუსულმა ბიურომაც თავდაპირველად გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ „საქართველო დამარცხდა რუსეთთან დავაში“, თუმცა ამჟამად სტატიაში მსგავსი შინაარსის წინადადება აღარ იძებნება.

ისმის კითხვა, თუ რატომ განსხვავდება ასე ძალიან ქართული და რუსული მედიის ინფორმაციები? საქმე იმაშია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ძირითადად დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნები. თუმცა სასამართლომ გამიჯნა 8-12 აგვისტოს, ცეცხლის აქტიურ ფაზის და 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ განვითარებული მოვლენები. ამ მხრივ, საქართველოს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოში განაცხადეს, რომ 8-დან 12 აგვისტომდე განვითარებული მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. თუმცა რუსეთის ფედერაცია 12 აგვისტოს შემდეგ „ეფექტურად აკონტროლებდა“ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და ბუფერულ ზონას.

რუსული მედია დაეყრდნო რუსეთის იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზს, რომელშიც აქცენტი სწორედ ამ ერთ პუნქტზე იყო გაკეთებული.

რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე  მიხაილ გალპერინი ამ პრესრელიზში ამბობს: „ჩვენ მოვახერხეთ, დაგვერწმუნებინა ევროპული სასამართლო, რომ 8-12 აგვისტოს პერიოდში რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედებების სამართლებრივი შეფასება მისი იურისდიქციის ფარგლებს სცდება. ასევე, სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოუვლენია”.

ამასთან რუსეთი არ ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 12 აგვისტოს შემდეგ განვითარებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, 8 აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდი არის “ერთიანი პროცესი” და ევროპული სასამართლოს მიერ უკვე სამართლებრივად დადასტურებულია, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend