საქართველიოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 22 იანვრის სხდომაზე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა. სხდომა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადების მიხედვით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული ინფიცირების სტაბილური მაჩვენებელი ისევ მკვეთრად არ გაიზრდროს.
შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებსი გარფიკი შემდგენაირად გამოიყურება:
1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება
მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;
ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან
იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების აკრძალვა.
სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, ისევ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით იმუსავებენ.
საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.
1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.
ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.
აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგებისა და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესი ვალდებულია, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.
ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.
ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 30-ს აღემატება, მათ შორის ბაზრობები, ვალდებულია, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ს ტესტირება ჩაუტაროს.
კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;
•ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.
22 იანვრიდან ბიზნესს საშუალება ექნება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.
სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტებისა და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.
„აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.