მთავარიამბებივაქცინაციის ეროვნული გეგმა

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.  კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად 64 მილიონი ლარიდან 158 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული.

ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება დაახლოებით ერთი წელი ელოდა, დღევანდელი პრეზენტაციით გახდა ცნობილი. ეკრანზე გამოსახულ ცხრილში 2021 წლის განმავლობაში საქართველოში დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი ჩანს.  ეროვნულ გეგმაში 8 პრიორიტეტული ჯგუფია, რომელთაგან პირველ ადგილს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იკავებენ. მათი რაოდენობა 71 ათასზე მეტია, აქედან 65%-ის აცრა იგეგმება, რაც სხვა ჯგუფებთან შედარებით 5%-ით მეტია.

მეორე ჯგუფში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები შედის, ამ ჯგუფში  2 600 ადამიანია. მათგან, ისევე, როგორც სხვა სამიზნე ჯგუფიდან, 60%-ის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

მესამე ეტაპზე 75 წელს გადაცილებულები, მეოთხე ეპატზე კი 65-დან 74 წლამდე პირები აიცრებიან. მათ შემდეგ რიგში მნიშვნელოვანი მომსახურების მიმწოდებლები არიან. პოლიციის, ჯარისა და სხვა სტრატეგიული სამსახურის თანამშრომლების  აცრის შემდეგ 55-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანების ვაქცინაციაა დაგეგმილი, მათი რაოდენობა ვაქცინაციის ცხრილში ყველაზე მეტს – 478 400-ს შეადგენს.

შემდეგ ჯგუფში 18-დან 54 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შედიან. ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების რაოდენობა 830 ათასს შეადგენს. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მაღალ რისკჯგუფებში შემავალი ადამიანების  ვაქინაციის შემდეგ აიცრებიან ის პირები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფს განეკუთვნებიან. მათი რაოდენობაც 860 ათასზე მეტია. მთლიანობაში კი, გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

„ქვეყანას აქვს პირობები, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, ზოგიერთი ვაქცინა -80 გრადუსიან მაცივრებში ინახება.  ამათგან“ფაიზერის“ ვაქცინას სჭირდება -80-გრადუსიანი მაცივარი,, „მოდერნას“  -20-გრადუსიანი. -2-დან -8 გრადუსამდე  ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინები ჩვენთვის, ფაქტობრივად, არის რუტინული იმუნიზაციის სქემა, რასაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, შეუფერხებლად ახორციელებს“, ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, -80 გრადუსზე შესანახი ვაქცინის მიწოდება რაიონებში რთული იქნება. ამიტომ „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები, სავარაუდოდ, სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აიცრებიან.  ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში მობილური ბრიგადების ჩართვაც იგეგმება. ისინი ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მივლენ და ბენეფიციარებს ვაქცინაციას ადგილზე ჩაუტარებენ. 2021 წლის მეორე კვარტლისთვის კი საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა განიხილება. ვაქცინაციის დაწყების პარალელურად კი მკაცრად გააკონტროლებენ მის გვერდით მოვლენებს.

„გვერდითი მოვლენა შესაძლოა, იყოს ალერგიული რეაქცია, რომელიც ან მაშინვე გამოიხატება ან მოგვიანებით. ასევე, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა ტიპის გამოვლინება, რომლებიც, როგორც წესი, ვაქცინებს თან ახლავს. გვერდითი მოვლენები აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რომელიც ვაქცინასთან ერთად ჩვენთან მოდის. უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი გამოვლინებებია, არის საშუალო სიმძიმისაც. ყველაზე მძიმე, რაც შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს, ანაფილაქსიური რეაქციაა, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია“, ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართელოში ყველაზე ადრე „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანას ელოდებიან და ეს, სავარაუდოდ, 2021 წლის 31 მარტამდე უნდა მოხდეს. იმ ადამიანთა ტრენინგები, რომლებიც ქვეყანაში ვაქცინაციას ჩაატარებენ, უკვე დაწყებულია.  ქვეყანაში არსებობს მოდული, რომლის გადაწყობაც კოვიდვაქცინაციისთვის იგეგმება. ამ სისტემის საშუალებით, მოქალაქეებს ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ.

ავტორი: ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend