მთავარიკუბიარაერთი მილოცვა და ხუმრობა - სოციალური ქსელის რეაქცია ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე

არაერთი მილოცვა და ხუმრობა – სოციალური ქსელის რეაქცია ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე

სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის  ინაუგურაციას განიხილავს. 

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავენ. მათ შორისაა ევროკომიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა და ევროპა მზად არის“, – წერს ფონ დერ ლაიენი თავის ოფიციალურ ტვიტერზე.

ჯო ბაიდენს და კამალა ჰარის ულოცავს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.

„ჩვენი ქვეყნები ისტორიულად ერთად უმკლავდებოდა გამოწვევებს. ველოდები თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, – წერს ტრიუდო.

მილოცვას უერთდებიან ევროპელი ლიდერები, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ემანუელ მაკრონი მიესალმება ბაიდენის ერთ-ერთ პირველ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები უბრუნდება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას, რომელიც 2017 წელს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა.

ბაიდენს ტვიტერზე ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც.

„მადლიერებას გამოვთქვამთ, რომ წლების განმავლობაში მხარს უჭერდით აშშ-საქართველოს პარტნიორობის გამყარებას და ველით სამომავლო თანამშრომლობას, რომ დავიცვათ დემოკრატია და თავისუფლება მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნავს გიორგი გახარია  თავის ოფიციალურ ტვიტერზე.

არ ჩაუვლია დღეს ხუმრობების გარეშე. ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა სენატორ ბერნი სანდერსის ჩაცმულობასა და ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. სანდერს თბილი ხელთათმანები ეკეთა, რის გამოც ბევრმა საკუთარი თავი ამოიცნო.

ამ დღეს არც დეზინფორმაციის გარეშე  ჩაუვლია. სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილის ფოტო, ამ წერილში თითქოს დონალდ ტრამპი სწერს ჯო ბაიდენს: „ჯო, შენ იცი, რომ მე მოვიგე“.

 

წერილს ტრადიციულად ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში უტოვებენ. გავრცელებული ფოტო ყალბია. ნამდვილი წერილი ჯო ბაიდენს არ გამოუქვეყნებია. თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპმა წერილის დაწერის დროს „დიდსულოვნება“ გამოიჩინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend