მთავარი COVID-19 "გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, თუ ვინ გამოგვაკლდება, ვინ გამოგვეცლება და როგორ შეიცვლება სამუშაო...

“გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, თუ ვინ გამოგვაკლდება, ვინ გამოგვეცლება და როგორ შეიცვლება სამუშაო გრაფიკი“

44 წლის მაია ხარებაშვილი 2020 წლის ოქტომბრამდე კარდიოთერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც კლინიკამ კოვიდპაციენტების მიღება გადაწყვიტა, კარდიოთერაპიის განყოფილება კოვიდთერაპიის განყოფილებად გადაკეთდა. ამბობს, რომ ექიმის პროფესია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მუდმივი ომია, თუმცა პანდემიამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა.

„თავად ვიყავი კოვიდინფიცირებული. სახლში ვმკურნალობდი. თუმცა ერთი დღეც არ ყოფილა, რომ არ მემუშავა. დისტანციურად ვიყავი ჩართული და ვზრუნავდი პაციენტებზე. დღის ბოლოს  პაციენტების ახლობლებს ისე ვესაუბრებოდი, რომ ვერც კი ხვდებოდნენ, სახლიდან ველაპარაკებოდი თუ საავადმყოფოდან. უფრო მეტად ვღელავდი და ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ჩემი პაციენტების წინაშე. როდესაც ჩვენ პანდემიასთან ბრძოლაში ჩავერთეთ, გარკვეულწილად, გვეშინოდა, რომ რომელიმე ჩვენგანი დაინფიცირდებოდა. ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა და რომელიმე ჩვენგანი აუცილებლად გახდებოდა ჩვენი პაციენტი. მაგრამ როდესაც მე დავინფიცირდი, ეს შიში გამიქრა. თუმცა ისევ დამეუფლა შიში, როდესაც ჩემი კოლეგები გახდნენ ჩემივე პაციენტები, როდესაც ჩვენს ყოველდღიურ დაფაზე პაციენტებად აღვრიცხეთ ჩვენი ექიმები, სანიტრები თუ ექთნები. სანამ არ გამოჯანმრთელდნენ და სახლში არ წავიდნენ, ვერ დავმშვიდდი. გეგმიური ტესტირების დროს, რომელიც ჩვენ, ექიმებს, გვიტარდება, ყოველთვის ვნერვიულობთ ხოლმე. გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, თუ ვინ გამოგვაკლდება, ვინ გამოგვეცლება და როგორ შეიცვლება სამუშაო გრაფიკი“, – ამბობს მაია ხარებაშვილი, კოვიდთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი

ავტორი: ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები