მთავარიCOVID-19ონლაინ გაკვეთილებს ხშირად მასწავლებლის შვილებიც ვერ ესწრებიან

ონლაინ გაკვეთილებს ხშირად მასწავლებლის შვილებიც ვერ ესწრებიან

საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო. დიდ ქალაქებსა და აჭარის რეგიონში, მოსწავლეები კვლავ დისტანციურად ისწავლიან. მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კი სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაბრუნდება. სპეციალისტების შეფასებით, დისტანციურ სწავლებას ბევრი გამოწვევა ახლავს თან. მთავარი პრობლემა კი თავად სწავლების მეთოდოლოგიაა.

ქართულის გაკვეთილი დაიწყო. მასწავლებელს, ლია აბაშიძეს, მოსწავლეები ვირტუალურად უზიარებენ არდადეგებზე წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებებს. სწავლების ეს მეთოდი მისთვის არც ისე მარტივია.

“როდესაც მოსწავლე დავალებას შეასრულებს რვეულში, ან სამუშაო წიგნში, მშობელმა ფოტო უნდა გადაუღოს და ატვირთოს ელექტრონულ ჟურნალში. შემდეგ მე იმ ფოტოს ვტვირთავ ჩემს კომპიუტერში და უბრალოდ ფოტოდან ვკითხულობ. შემდეგ კი ეს დავალება შეფასებით უკან უნდა დავუბრუნო თითოეულ ბავშვს. აუცილებლად უნდა ვუთხრა, რა ჰქონდა კარგად გაკეთებული და რა – გასაუმჯობესებელი. ეს არის ყველაზე რთული რამ, რისი გაკეთებაც მასწავლებელს უწევს. 72 მოსწავლე მყავს. ძალიან რთულია, 72 დავალება ყოველდღე ასე შეასწორო“ – ამბობს ლია აბაშიძე.

ყველა გაკვეთილზე დასწრებას ხშირად, თავად მასწავლებლის შვილები ვერ ახერხებენ. ამას ბევრი მიზეზი აქვს.

“მე მყავს 5 შვილი. ყველა მათგანი არის სკოლის მოსწავლე. 5-დან მხოლოდ 2 ერთვება საგაკვეთილო პროცესს. ფიზიკურად შეუძლებელია, ყველას მიუჩინო თავისი ადგილი. იმიტომ, რომ ერთმანეთის ხმა არ უნდა გვესმოდეს, ერთმანეთს ხელს არ უნდა ვუშლიდეთ. მე გაკვეთილის დროს ხმა სულ ჩართული მაქვს. მოსწავლეს შეუძლია ხანდახან ხმის გათიშვა, მაგრამ მე სულ ჩართული უნდა მქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩემს მოსწავლეებს ესმით ყველაფერი, რაც ჩემს ოჯახში ხდება. ამის გამო სამწუხაროდ, ჩემი შვილები ერთდროულად ვერ ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებს. ამას ინტერნეტის ხარვეზიც ემატება. ეს რა თქმა უნდა, დიდი დისკომფორტი და პრობლემაა“ – განმარტავს მასწავლებელი ლია აბაშიძე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლები და მოსწავლეები მიმდინარე სემესტრში ინტერნეტით შეღავათიან ფასად ისარგებლებენ.

“მიმდინარე სემესტრისთვის განათლების სამინისტრომ 2 მიმართულებით იმუშავა. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო, ყველა სკოლა მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო სასწავლო გარემო იყოს. ხოლო, სადაც დისტანციურად დაიწყო სწავლა, იქ მოსწავლეები და პედაგოგები განათლების სამინისტრო ინიციატივით და მობილურ ოპერატორებთან გაფორმებული მემორანდუმის მეშვეობით, შეღავათიანი ინტერნეტ-პაკეტებით ისარგებლებენ” – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა ინტერნეტით უზრუნველყოფის გარდა, თავად  დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაშია.

“ჩვენი განათლების სისტემისთვის, პედაგოგებისთვის, ონლაინ სწავლება აბსოლუტურად ახალი ხილი იყო და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.  დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაში სერიოზული პროფესიული განვითარება უნდა მომხდარიყო. აუცილებელია, ამ მხრივ მასწავლებლების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ამ დრომდე მასშტაბური ღონისძიებები არ გატარებულა. გარკვეული ფრაგმენტული ღონისძიებები იყო, როგორც სამინისტროს მხრიდან, ასევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან, თუმცა ცხადია, ეს საკმარისი არ არის“ – აცხადებს განათლების სპეციალისტი, რეზო აფხაზავა.

18 იანვრიდან საქართველოს დიდ ქალაქებსა და აჭარის რეგიონში საკლასო ოთახები კვლავ ცარიელია. კომპიუტერთან მჯდომ ლია მასწავლებელს უკვე თვეებია მოსწავლეების ნამუშევრების შესასწორებლად ფერადი კალამი აღარ სჭირდება. ის სწორედ იმ დღეს ელოდება, როცა დავალებებს კვლავ წითელი კალმით შეასწორებს.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend