მთავარი COVID-19 პანდემიამ ღაზის სექტორი ორმაგ ბლოკადაში მოაქცია

პანდემიამ ღაზის სექტორი ორმაგ ბლოკადაში მოაქცია

 

ღაზის სექტორში, დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობა პანდემიის ფონზე  კიდევ უფრო გართულდა. გაჩნდა სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და მედიკამენტების  დეფიციტი.  თუ აქამდე მოსახლეობისათვის კაფეში გასვლა ან სანაპიროზე სეირნობა ცხოვრების გახალისების ლამის ერთადერთი საშუალება იყო, კორონავირუსმა  მათ სახლიდან გასვლის შესაძლებლობაც შეუზღუდა.   

ღაზის სექტორის მოსახლეობა პანდემიის დაწყების დღიდან ფაქტობრივად ორმაგ ბლოკადაში მოექცა. 2007 წელს დაწესებული ბლოკადის გამო, მოსახლეობისათვის კაფესა და სანაპიროზე ყოფნა ცხოვრების გახალისების ერთადერთი საშუალება იყო. ახალგაზრდა თაობა საზღვრებს გარეთ არც კი გასულა, ყოველი მეხუთე ადამიანი მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძვის.

მუჰამედს ერთი სული აქვს, მალე გავიდეს გარეთ და რამე განსხვავებული ნახოს.

„ნუთუ არსებობენ ადამიანები გარეთ? ეს ყველაფერი სიმართლეა? როცა ჩემი შვილები გაიზრდებიან, თუკი სიტუაცია არ შეიცვლება, მათაც იგივე წარმოდგენა ექნებათ გარესამყაროზე, როგორიც მე მაქვს. ყველა ოცნებობს მოგზაურობასა და სხვა ხალხის ნახვაზე,“ – უთხრა „ევრონიუსს“ მუჰამედ ალ მამლუქმა.

2020 წლის დადგომასთან ერთად, ღაზაში წყლისა და მედიკამენტების დეფიციტის პრობელმა გაჩნდა. ამასთან, რეგიონში ელექტროენერგიის მწვავე კრიზისია. დღის განმავლობაში მოსახლეობას მხოლოდ 6 საათით მიეწოდება ელექტროენერგია. კორონავირუსმა კიდევ უფრო გაამწვავა ღაზის პრობლემები.

„თხუთმეტი წელია, ხალხი ღაზაში  ჩაკეტილია და  იტანჯება. ამ ყველაფერმა სამყაროს შესახებ დამახინჯებული წარმოდგენები შეგვიქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანებში სამყაროს მიმართ სიძულვილსა და ძალადობის სურვილს გააჩენს,“ –  ამბობს ღაზაში მცხოვრები ამარ აბუ ალ ჯედიანი.

გაეროს ადამიანთა უფლებათა ექსპერტებმა მოუწოდეს ისრაელს, რომ უზრუნველყოს ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინებზე სწრაფი და სამართლიანი წვდომა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში ვაქცინას მარტის დასაწყისში ელოდება.

ამ დროისათვის ღაზაში 148 100 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, აქედან 1610 ადამიანი გარდაიცვალა.

 

უახლესი

სხვა ამბები