აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. იმპიჩმენტის პირველი პროცესისგან განსხვავებით, ტრამპისთვის წაყენებულ „ამბოხების წახალისების“ ბრალდებას ორივე პარტიის წამომადგენლებმა დაუჭირეს მხარი, მათ შორის ათმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. ტრამპის უფლებამოსილება შვიდ დღეში იწურება. არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც უკვე მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ იგი ამბოხის წაქეზებაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც გასულ კვირას აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, რასაც 5 ადამიანის სოცოცხლე შეეწირა.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
დემოკრატებთან ერთად რეზოლუციას ათმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა მხარი. 2019 წლის დეკემბერისგან განსხვავებით, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა პირველად გამოუცხადეს ტრამპს იმპიჩმენტი. რესპუბლიკელები მაშინ ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს პრეზიდენტს.
დონალდ ტრამპი ახლა იძულებული იქნება, კიდევ ერთხელ წარდგეს სენატში გამართული სასამართლო სხდომის წინაშე. თუმცა მანამდე, 20 იანვარს, არჩეული პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი ფიცს დადებს და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ, ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კიდევ ერთხელ გმობს გასულ კვირას კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობას. თუმცა იმპიჩმენტის შესახებ ტრამპმა განცხადებაში არფერი თქვა.
,,მე ვგმობ იმ ძალადობის ფაქტებს, როლებიც ჩვენ ყველამ ვნახეთ გასულ კვირას. ძალადობისა და ვანდალიზმის ადგილი არ არის არც ჩვენს ქვეყანაში და არც ჩვენს მოძრაობაში. აშშ-ის სიდიადის აღდგენისაკენ მოწოდებები ყოველთვის გულისხმობდა კანონის უზენაესობის დაცვას, სამართალდამცავების მხარდაჭერას და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვას’’, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.