მთავარიკულტურასაშობაო გალობა

საშობაო გალობა

მართლმადიდებელი ქრისტიანები შობის დღესასწაულს 7 იანვარს ზეიმობენ. ტაძრებში ამ დროს, საეკლესიო მსახურებისას ყოველთვის ისმის საშობაო გალობა. გალობა, რომლის ისტორია საუკუნეებს ითვლის. მეცნიერების ვარაუდით, საგალობლების შექმნა საქართველოში, სულ მცირე, 14 საუკუნის წინ დაიწყო და ისინი თაობებს ზეპირად გადაეცემოდა. ნოტებით დაწერილი ქართული საგალობლები უკვე მე-19 საუკუნეში ჩნდება. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სხვადასხვა დროს შექმნილ 15 ათასამდე ქართულ საგალობელს ინახავს.

შობის დადგომამდე ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ეზოში მგალობელ-მომღერალთა გუნდი “დიდგორი” ბოლო რეპეტიციას გადის. სადღესასწაულო გალობა რამდენიმე საათს გაგრძელდება, შემდეგ კი ალილოს იმღერებენ. გუნდის წევრებისთვის ეს დღე გამორჩეულია.

„შობას ძალიან ბევრი ლამაზი საგალობელი სრულდება. ჩვენი ტრადიციული სიმღერები, სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ალილო, რომლებიც ამ ყველაფერს აგვირგვინებენ საეკლესიო  მსახურების დასასრულს. ეს ძალიან დადებით მუხტს გვაძლევს. ხალხიც ყოველთვის გახარებულია,“ – ამბობს „დიდგორის“ წევრი გივი აბესაძე.

ხელოვნებათმცოდნე და დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი თვლის, რომ ქართულ გალობას მრავალხმიანობა გამოარჩევს და მასში მუდმივად იგრძნობა რაღაც ფარული სევდა.

„გალობა ჩვენი იდენტობის სიმბოლოა, ქართულ სიმღერასთან ერთად, მრავალხმიანობისა და თავისი ესთეტიკური ბუნების გამო. სწორედ მრავალხმიანობა გვაჩვენებს ქართველების აღქმას. როგორ აღიქვამდნენ ჩვენი წინაპრები სამყაროს. ჩვენ ეს არ უნდა გავაიგივოთ მარტივ, პრიმიტიულ, ურაპატრიოტულ ღირებულებასთან. ეს არის უდიდესი საგანძური, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და ამავდროულად, მისი მეშვეობით, სამყაროს ვეზიაროთ და სამყაროსთან ერთად მრავალს ხმაში ვიმღეროთ,“ – ამბობს სვიმონ ჯანგულაშვილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 15 ათასამდე უძველეს საგალობელს ინახავს. ნოტებად დაწერილი პოლიფონია ნებისმიერი მსურველისთვის უკვე ელექტრონულადაც არის ხელმისაწვდომი.

„ჩვენ გვაქვს რეგიონებში სალოტბარო სკოლები, სადაც ახალგაზრდები სიმღერასა და გალობას უფასოდ სწავლობენ. შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროგრამა. მაგალითად, მესტიაში გვაქვს კარგი სკოლა, სადაც ვასწავლით ადგილობრივ, ხალხურ სიმღერებს, რომ ეს ძირძველი მემკვიდრეობა შენარჩუნდეს. ასევე, ვასწავლით ტრადიციულ საგალობლებს,“ – განმარტავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

ფოლკლორის ცენტრთან არსებული სალოტბარო სკოლები ყველა რეგიონში დაფუძნდა. დღეისათვის 28 სკოლა არსებობს. პანდემიის გამო, ამ სკოლის მოსწავლეთა რეპეტიციები ჩვეული განრიგით ვეღარ მიმდინარეობს. თუმცა ახლა ისინი ინტერნეტში „იკრიბებიან“ და დისტანციურად გადიან რეპეტიციას. საშობაო ალილოსაც ცალ-ცალკე და თან ერთად მღერიან.

ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend