მთავარი მსოფლიო ბულგარეთში ბუზლუჯას რესტავრაცია მიმდინარეობს

ბულგარეთში ბუზლუჯას რესტავრაცია მიმდინარეობს

ავტორი: ნინი დვალიშვილი

2020 წელს, სანამ მოსახლეობა საკუთარ სახლებში იყო ჩაკეტილი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძველი ნაგებობების რესტავრაციაზე იზრუნეს. მათ შორის ერთ-ერთი ბულგარეთის კომუნისტური რეჟიმის დროს აგებული შენობაა. ბუზლუჯა 1981 წელს ამავე სახელწოდების მთაზე ააშენეს და ის სოციალისტური არქიტექტურის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. 

ბუზლუჯას მონუმენტი ბულგარეთის კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.  კომუნისტური პარტიის მიერ აგებული ეს მემორიალური სახლი ბალკანეთის მთიანეთში ბუზლუჯას მწვერვალზე აშენდა. სამშენებლო სამუშაოები 1974 წელს დაიწყო და მთლიანად შემოწირულებებით დაფინანსდა.

ბუზლუჯას მონუმენტის მშენებლობა 1981 წელს დასრულდა, მაგრამ კომუნისტური რეჟიმის დაშლის შემდეგ იგი მიატოვეს. დღეს ეს მემორიალი ძირითადად ცნობისმოყვარე ტურისტებსა და ურბანული საკითხებით დაინტერესებულ მეცნიერებს იზიდავს.

ზაფხულის განმავლობაში რესტავრატორთა გუნდი შენობის შიდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. მოზაიკის ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრია და 2 მილიონზე მეტი ნატეხისაგან შედგება.

„ამ შენობაში ორი ასპექტია მომხიბლავი: მისი ზომები და შესრულების მაღალი ხარისხი. სამწუხაროდ, ეს ძველი შენობა ვანდალების მიერაა დაზიანებული და  განადგურებული. ამ მოზაიკაზე ჩაქუჩის კვალიც ამჩნევია,” – ამბობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თომას დანზლი.

ბუზლუჯის ძეგლი სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები კერძო სახსრებით ფინანსდება. ასეთი ძეგლების დემონტაჟი ან მათი მოვლა-პატრონობა მუდმივი კამათის საკითხია. სარესტავრაციო პროექტის დაგეგმვა და დღემდე გაწეული სამუშაოები 200 ათას ევროზე მეტი დაჯდა. პროექტის ხელმძღვანელი და არქიტექტორი დორა ივანოვა ამბობს, რომ ასეთი მასშტაბური ამოცანა ამ დარგის ყველაზე გამოცდილი ექსპერტების ჩართვას მოითხოვს.

“ყველაზე რთული ამ მოზაიკის დაცვაა, რადგან ყველა მათგანი უნიკალური მასალისგანაა დამზადებული და მათი უმეტესობა ბულგარეთში არის გაკეთებული. ამიტომ ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ამ პროექტში საერთაშორისო გუნდი –  ევროპის 4 უნივერსიტეტის 18 რესტავრატორი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. ისინი გერმანიიდან, საბერძნეთიდან, შვეიცარიიდან და ბულგარეთიდან არიან, ” – განუცხადა “ევრონიუსს’ პროექტის მენეჯერმა დორა ივანოვამ.

ბუზლუჯას ძეგლის კონსერვაცია გრძელდება. იგი კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლოა ბულგარეთში. მართალია, ეს მონუმენტი დღეისათვის ავარიულ მდგომარეობაშია, მაგრამ მნახველს მაინც ხიბლავს.

 

უახლესი

სხვა ამბები