მთავარი საქართველო წინასაახალწლო წირვა „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიაში“

წინასაახალწლო წირვა „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიაში“

ავტორი: ნინი ჯალაბაძე, ნინი დვალიშვილი

ქრისტიანთა ნაწილმა შობა უკვე აღნიშნა. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კი თბილისში, “დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიაში” 2020 წლის ბოლო კვირის წირვა ჩატარდა და მრევლმა ერთმანეთს წინასაახალწლო გეგმები გაუზიარა.

მათ  მიმავალ 2020 წელს მადლობა გადაუხადეს. წლის ბოლო საკვირაო  წირვა, ისეთივე მუსიკალური და მხიარული იყო როგორც სხვა დღეებში. მას ეკლესიის პასტორი ფოლაბი სოლომონსი უძღვებოდა.   წირვა კი მართლაც განსაკუთრებულია და ყველასაგან განსხვავებულია –  აქ მიაჩნიათ, რომ ტაძარში მოსვლა ყველა მორწმუნეს უნდა უხაროდეს. მომლოცველები ამ ფორმით ცდილობენ მადლიერებისა და  სიყვარულის  გამოხატვას.

ეკლესიის პასტორი ფოლაბი სოლომონსი:

„ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტეს გამო თითოეული დღე უნდა გვიყვარდეს და გვიხაროდეს, ამიტომ თითოეული კვირა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აქ მოვდივართ, ვლოცულობთ, ვმღერით და ასე ვუხდით ღმერთს მადლობას, როგორც ხედავთ ყველა გახარებულია.“

დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია ნიგერიაში, ლაგოსში დაარსდა.  პასტორი ამბობს, რომ დღეს მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰყავს მიმდევარი,  თბილისში კი ღვთისმსახურება დაახლოებით შვიდი წლის წინ დაიწყო.

ეკლესიში მუსიკა არ წყდება… მღერის მრევლი და ზეცისკენ აღმართული  ხელებით 2021 წლის სურვილებს ამბობს.  ღვთისმსახურები ბიბლიის ამონარიდებს კითხულობენ და შემდეგ განმარტავენ.

დახსნილ ქრისტიანთა საზოგადოება ძალიან  სტუმართმოყვარეა, ამიტომ აქ შემოსულ სტუმარს მთელი გულით ხვდებიან და მხიარული ჰანგებით ესალმებიან.

ტიმოთის ოკა- ეკლესიის ღვთისმსახური:

„ეს წლის ბოლო კვირა დღეა და მსოფლიოსთვის მძიმე წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ მადლობას ვუხდით ღმერთს, რომ ისევ ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ.“

კვირა დღის წირვა მათ ტაშით დაასრულეს, აპლოდისმენტებით, რომელიც მადლიერებასა და მომავლის იმედს გამოხატავდა.

უახლესი

სხვა ამბები