მთავარისაქართველოთბილისის კათოლიკურ ეკლესიაში 25 დეკემბერს შობა განსხვავებულად აღნიშნეს

თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში 25 დეკემბერს შობა განსხვავებულად აღნიშნეს

ავტორები: ნინი დვალიშვილი, ნინი ჯალაბაძე

 

რაც პანდემია დაიწყო, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ტაძარში მრევლი ვეღარ დადიოდა. მაგრამ 24 დეკემბრის ღამით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, მრევლი ტაძარში ისევ შეიკრიბა საყვარელი დღესასწაულის აღსანიშნად.

და ტაძარში წირვა დაიწყო…

სადღესასწაულო დღეებში, საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა. მაგრამ რადგან საფრთხე კვლავ არსებობს, დღესასწაულის აღნიშვნა ჩვეულებრივზე ბევრად ადრე დაიწყო. ქრისტიანები შობას, ღამისთევის ნაცვლად, საღამოს ექვს საათზე შეეგებნენ.

ლამაზად  მორთულ ტაძარში, საშობაო განწყობა იდგა.

წირვას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. შესრულდა საშობაო საგალობლებიც.

„მე ძალიან მიხარია, რომ ყოველ წელიწადს შობის დღესასწაულს სასოებით ვეგებებით. ჩვენთვის შობა მომავალია,“ –  ამბობს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი საქართველოში ჯუზეპე პაზოტო.

ტაძარში, საკურთხევლის თავზე დასვენებულ შობის ხატს მთელი წელი ფარდა ფარავს. ეს  ფარდა წელიწადში ერთხელ იხსნება –  კათოლიკური ეკლესიის მრევლს მხოლოდ შობის დღესასწაულზე აქვს შესაძლებლობა, ქრისტეს დაბადების ამსახველი ეს ხატი იხილოს.

„იესო ჩვენთვის იშვა. ამიტომაც შობა უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ქრონოლოგიურად პირველი სწორედ ეს დღესასწაულია. შესაძლოა, აღდგომა უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა ქრონოლოგიურად პირველი მაინც შობაა,“ – ასე ფიქრობს პასტორი ზურაბ კაკაჩიშვილი.

დღესასწაულს წინ საშობაო სამზადისი უძღვის, რომელსაც ადვენტი ჰქვია. ეს პერიოდი შობამდე ოთხი კვირით ადრე იწყება. მორწმუნეები ქრისტეშობისათვის ემზადებიან, რაც უმეტესად მარხვასა და აღსარების საიდუმლოს გულისხმობს.

„რეალურად, ვერცერთი ძალა ვერ შეაჩერებს და ვერ შეედრება შობის სიხარულს. ვერავინ  მოგვპარავს შობას,“ –  ამბობს მრევლი პავლე ხითარიშვილი.

კომენდანტის საათის გამო, ღამით გადაადგილება შეზღუდულია.ამიტომ წირვა საღამოს რვა საათზე დასრულდა. მრევლი დაიშალა, მაგრამ ყველას სჯერა,  რომ მომავალ წელს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ტრადიციულად ღამისთევით აღნიშნავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend