ავტორი: ანეტ მიქელაძე
ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო საუბარი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და იმ პირს შორის, რომელმაც სავარაუდოდ ნავალნი მოწამლა. საუბრის დროს სავარაუდო დამნაშავემ ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამვლის დეტალები აღწერა.
მას შემდეგ, რაც ვებგვერდების Bellingcat-სა და Insider-ის მეშვეობით ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. “ფე-ეს-ბეს” იმ თანამშრომელთა სახელები, რომლებიც ნავალნის სამი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. 2020 წლის აგვისტოში მათ ნავალნის მოწამვლა გადაწყვიტეს.
ვიდეოში, რომელიც ნავალნიმ თავის ოფიციალურ “იუთუბ” არხზე გამოაქვეყნა, რუსი ოპოზიციონერი ჰყვება, რომ იგი ტელეფონით ესაუბრა „ფე-ეს-ბე-ს“ რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც, სავარაუდოდ, მის მოწამვლაში მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო კონსტანტინ კუდრიავცევიც. ნავალნიმ მათთან სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დარეკა, ამიტომ კუდრიავცევმა იფიქრა, რომ მას სამსახურის ტელეფონით ურეკავდენ. ამ ნომერს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მაღალი რანგის ოფიცრებთან კავშირისთვის იყენებენ.
ნავალნი მათ სატელეფონო საუბარში გაეცნო, როგორც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწე და აგვისტოში ჩატარებული სპეცოპერაციის მცირე მიმოხილვას სთხოვდა. ნავალნის ინფრომაციით, უმეტესობამ ან ტელეფონი არ აიღო, ან მალევე დაკიდა ყურმილი. თუმცა კონსტანტინ კუდრიავცევმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი.
ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, კონსტანტინ კუდრიავცევია, ამბობს, რომ სპეცეოპერაცია ჩავარდა და ნავალნი ვერ მოკლეს, რადგან თვითმფრინავი ქალაქ ომსკში მალევე დაეშვა და მას დაუყოვნებლივ გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ნავალნის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ვიდეო, ისევე, როგორც სატელეფონო საუბარი, გაყალბებულია და უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით მომზადებული პროვოკაციაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროვოკაციის მიზანი „ფე-ეს-ბე-სა“ და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია იყო. გარდა ამისა, მათი განმარტებით, ნავალნიმ ტელეფონის ნომრის შეცვლის ტექნიკა გამოიყენა. თუმცა ამას არც თავად ნავალნი მალავს.
სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, ალექსეი ნავალნი და მასთან დაკავშირებული ამბავი სოციალურ ქსელში განხილვის მთავარი თემად იქცა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი 21 დეკემბერს გამოქვეყნდა, 22 დეკემბერს კი ვიდეოს უკვე 16 მილიონი ნახვა ჰქონდა.
სოციალურ ქსელში სავარაუდო მკვლელთან ნავალნის საუბარს „წლის პრანკს“, ანუ წლის ხუმრობას უწოდებენ. ყველაზე მეტი გამოხმაურება ნავალნის მოწამვლის სავარაუდო მეთოდს აქვს. სატელეფონო საუბარში ირკვევა, რომ კუდრიავცევს დაავალეს ნავალნის საცვლების გარეცხვა და ნაკვალევის მოშორება. ნავალნი ამბობს, რომ ნოვიჩოკი სწორედ მის საცვალზე იყო.