მთავარიCOVID-19დიდ ბირტანეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით გაუქმდა

დიდ ბირტანეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით გაუქმდა

ავტორი: ნინი დვალიშვილი

მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა, ქვეყანაში საერთაშორისო ფრენები შეწყდა. უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს საშობაოდ გაერთიანებული სამეფოდან საკუთარ სახლში დაბრუნებას. 40-ზე მეტმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის ძველი შტამი, ექსპერტთა განცხადებით, ვაქცინა ამ შემთხვევაშიც ეფექტიანი იქნება.

ათასობით მოგზაური, რომელთაც  შობამდე რამდენიმე დღით ადრე დიდი ბრიტანეთის დატოვება სურდათ, დაბნეული და სასოწარკვეთილია.

კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, 40-ზე მეტმა ქვეყანამ მოქალაქეებს ბრიტანეთში ჩასვლა აუკრძალა.

“შობას ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ. 2-3 კვირით ჩამოვედი და იმედი მაქვს, რომ შეზღუდვები გაუქმდება და 2-3 კვირაში შევძლებთ დიდი ბრიტანეთიდან წასვლას,“ – ამბობს მიხაილი, მგზავრი დიდი ბრიტანეთიდან.

მათ, ვინც გაერთიანებული სამეფოსკენ მიემართება, ფრენების გრაფიკი შეეცვალათ.

გლობალურმა ავიაკომპანიებმა ორშაბათიდან ბრიტანეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს. აკრძალვები COVID-19-ის ახალი ტიპის ვირუსის გამოჩენამ გამოიწვია.

„ეს უკანასკნელი შემთხვევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოგზაურთა სისტემური ტესტირება აუცილებელია. მთავრობებმა უნდა ითანამშრომლონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რათა უფრო მეტი ტესტირება ჩატარდეს. ამის შემდეგ კი საზღვრების გადაკვეთას უფრო მეტი ჯანმრთელი ადამიანი შეძლებს”, – ასე ფიქრობს მეთიუ, მგზავრი.

ახალი COVID-19-ის შტამი 70% -ით უფრო მეტადაა გადამდები, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში ადრე გავრცელებული ვირუსი.

ევროკავშირის სამედიცინო სექტორის მარეგულირებელ ორგანოში ორშაბათს განაცხადეს, რომ  Pfizer-BioNTech ვაქცინა ადამიანს იცავს კორონავირუსის ახალ შტამისგანაც, რომელიც ძირითადად ბრიტანეთშია გავრცელებული.

„ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვაქცინა  კორონავირუსის ახალი სახეობის საწინააღმდეგოდ არ გამოდგება,” – განმარტა ევროკავშირის სამედიცინო სექტორის მარეგულირებელი ორგანოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქმა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend