მთავარიმსოფლიოევროპის ულტიმატუმი უნგრეთსა და პოლონეთს

ევროპის ულტიმატუმი უნგრეთსა და პოლონეთს

ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა ,უნგრეთისა და პოლონეთის ვეტოს გამო, ისევ შეჩერებულია. თუ პოლონეთი და უნგრეთი  პოზიცია არ შეცვლიან, შესაძლოა, ბრიუსელმა სათადარიგო გეგმა აამოქმედოს და ბიუჯეტი პოლონეთისა და უნგრეთის თანხმობის გარეშე მიიღოს.

ევროკავშირი ბუდაპეშტს და ვარშავას აფრთხილებს, რომ თუ სხვა გამოსავალი არ ექნება, მათი თანხმობის გარეშე დაამტკიცებს ევრობლოკის ერთიან ბიუჯეტს, რომელიც კორონავირუსისაგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის განკუთვნილ 750 მილიარდ ევროსაც მოიცავს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი და ვარშავა პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. პიტერ სიიარტოს განმარტებით, მათ არ სურთ, რომ ევროკავშირის რესურსები და საერთო ფული ბუნდოვანი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ.

პოლონეთმა და უნგრეთმა ვეტო დაადეს ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, რომელიც იმ დახმარების ფონდსაც მოიცავს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაზე უნდა დაიხარჯოს. თუმცა საერთო ფონდიდან გასაცემი თანხის მოცულობა მიმღები ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ეს პირობა არც ვარშავას მოსწონს და არც ბუდაპეშტს. თუმცა თუ პოზიციას არ შეცვლიან,  ევროკავშირის ერთიანი ბიუჯეტიდან წილს ვერ მიიღებენ, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ – ისინი რამდენიმე მილიარდ ევროს დაკარგავენ.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ უნგრეთისა და პოლონეთის ვეტო ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივასაც დააზარალებს, რადგან ორივე სერიოზულ იზოლაციაში მოექცევა. მათ გაუჭირდებათ საზოგადოებას აუხსნან, დღევანდელი რთული გარემოების ფონზე, რატომ ამბობენ უარს ევროკავშირის დახმარებაზე.

ზარალის ანაზღაურების ფონდი ევროკავშირის ყველა  წევრი ქვეყნის დახმარებას ითვალისწინებს. თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი  ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს მოხმარდება, მაგალითად ესპანეთსა და იტალიას. ახლა ყველა მოუთმენლად ელოდება, რამდენად სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას ვარშავა და ბუდაპეშტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend