მთავარიdraft geoყარსის ხელშეკრულება: მითი და ფაქტი

ყარსის ხელშეკრულება: მითი და ფაქტი

ყარსის 1921 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებას ამიერკავკასიის რესპუბლიკებსა და  თურქეთს შორის, საბჭოთა რუსეთის მედიატორობით, 1921 წლის 13 ოქტომბერს მოეწერა ხელი. ამ ხელშეკრულებით აჭარის ჩრდილოეთ ნაწილი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, ნახიჭევანის ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანს გადაეცა, სომხეთმა კი ყარსის რეგიონი თურქეთს გადასცა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ   საქართველოსა და თურქეთს შორის აჭარაზე გამავალი საზღვარი შესაძლოა ასი წლის შემდეგ  – 2021 წლის ოქტომბერში – გადაიხედოს. ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოტივტივდა 2021 წლის მოახლოებასა და ახლახან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის ხელახალი გადანაწილების შემდეგ. “ევრონიუს ჯორჯიამ” მოიძია ის დაზუსტებული ინფორმაცია, რაც ყარსის ისტორიული შეთანხმების უკან დგას.   

საქართველოში გავრცელებულია მცდარი ინფორმაცია, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს ეწურება და ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტები შესაძლოა, სადავო გახდეს.

თუმცა ყარსის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ვადის ამოწურვის შესახებ.

1993 წლის 25 მარტი საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მხარეები „დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით. “

რას გულისხმობდა ყარსის ხელშეკრულება?

ამ ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩამოყალიბებული ბათუმის ოლქი ორად გაიყო: ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი, ართვინისა და არტაანის ჩათვლით, გადაეცა თურქეთის რესპუბლიკას, ჩრდილოეთ ნაწილი კი –  ქალაქ ბათუმის ჩათვლით –  საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სწორედ ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ყირიმის ავტონომიურ ერთეულთან ერთად, უნიკალური ადმინისტრაციული ერთეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავტონომია შეიქმნა არა ეთნიკური, არამედ რელიგიური ნიშნის საფუძველზე.

1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, საქართველომ დიდი ტერიტორიული ცვლილებები განიცადა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია კომუნისტურ ანექსიამდე 107 600 კმ² შეადგენდა. 1921 წლის ანექსიიდან დღემდე კი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, 69 700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი  ნიკიტა ხრუშჩოვი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ  საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის ლავრენტი ბერიას ინიციატივით, 1945 წლის 7 ივნისს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა საბჭოთა კავშირში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს განუცხადა, რომ საბჭოთა საქართველოს ართვინისა და არტაანის რეგიონები უნდა დაბრუნებოდა, საბჭოთა სომხეთს კი –  ყარსის რეგიონი. თუმცა 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ეს გეგმა ჩაიშალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend