მთავარისპორტიგიორგი შერმადინი: „ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად ვითამაშებთ“

გიორგი შერმადინი: „ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად ვითამაშებთ“

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ფინეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ ფინეთში გამართავს. ამ და სხვა თემებზე “ევრონიუს ჯორჯიას” საქართველოს ნაკრების და „ტენერიფეს“ კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესაუბრა.

– თქვენ საქართველოს ნაკრების პირველი მოთამაშე ხართ, რომელიც ფინეთში ჩავიდა. რა გარემოში მოუწევს ნაკრებს ყოფნა?
– ჯერჯერობით, სასტუმროში ვარ და არაფერი არ მინახავს. მალე ჩემი თანაგუნდელები შემომიერთდებიან და დღეს საღამოს პირველ ვარჯიშს გავმართავთ.

-საქართველოს ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩებს ჩვენი გუნდისთვის?

– “ევრობასკეტზე” თამაში განღდებული გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესარჩევი ეტაპის მატჩებზე არ ვიბრძოლებთ. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობს და იგებს, ეს ქართველ გულშემატკივარს ახარებს და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფანებისთვის, ასევე ჩვენთვის.

პირველ თამაშს 28 ნოემბერს გავმართავთ ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. გამოვალთ მოსაგებად და ჩვენი გულშემატკივრის გასახარებლად.

– საქართველოს ნაკრებს ფინეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ შეხვედრებში რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება. (გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი). რამდენად რთული იქნება ნაკრებისთვის თამაში ლიდერების გარეშე?

– ეს, რა თქმა უნდა, ნაკრებისთვის ძალიან ცუდია. ეს მოთამაშეები დიდი ხანია საქართველოს ნაკრებში თამაშობენ და სამწუხაროა, რომ ამ მატჩებში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა გვყავს ახალაგზრდა მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო დრო მიეცემათ და ეს მათთვის შანსია, დაამტკიცონ თავიანთი მონდომება და “ევრობასკეტისთვის” ჩვენ გუნდში ადგილი დაიკავონ.

„ტენერიფეს“ ძალიან კარგი სტარტი აქვს. რამდენად მოსალოდნელი იყო ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი კარგი დასაწყისი?

– მადლობა ღმერთს, რომ ძალიან კარგი სტარტი გვაქვს. 11 მატჩიდან 10 მოვიგეთ, 1 კი ჩემპიონატის ფავროტ „ბარსელონასთან“ დავთმეთ. ჩვენი მწვრთნელი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ მოსაგებად უნდა ვითამაშოდ. მაგალითად, მან „ვალენსიასთან“ მატჩის წინ განაცხადა, რომ ჩვენ 9 მოგება გვაქვს, მათ კი –  4, ამიტომაც უნდა გავიმარჯვოთო. ასეც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ესპანეთის ჩემპიონატში შერმადინისა და მარსელინიო ჰუერტასის დუეტი დომინირებს. რამდენად კომფორტულია ასეთ მოთამაშესთან ერთად თამაში?

– მარსელინიო შესანიშნავი კალათბურთელია. 37 წლის ასაკშიც დაუღალავად შრომობს და გუნდური მოთამაშეა. ძალიან კარგი პასი და სროლა აქვს. მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები რატომღაც სროლის საშუალებას აძლევენ, ის კი ამ შანსს იყენებს და 80% სროლას ზუსტად ასრულებს. როდესაც გაიგო, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე ბევრი მოთამაშე დაგვაკლდება, შემომთავაზა, რომ წამომყვებოდა და მათ მაგივრად ითამაშებდა. მე ვუპასუხე, ასეთი ადვილი რომ იყოს, წაგიყვანდი-თქო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend