მთავარისაქართველორან გიდორი: „ადამიანური კავშირი და ურთიერთპატივისცემაა ჩვენი ურთიერთობების საფუძველი“

რან გიდორი: „ადამიანური კავშირი და ურთიერთპატივისცემაა ჩვენი ურთიერთობების საფუძველი“

ავტორი: ლეო სიხარულიძე

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

       ევრონიუს ჯორჯია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  რან გიდორს ესაუბრა. საუბარი ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს, ქართულ ებრაულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, საქართველოში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის პრიორიტეტებსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩასვლამდე საქართველოს ეწვია. ეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილებას ემთხვევა. როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის პარტნიორობის დინამიკას.?

ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ათწლეულებია სტრატეგიული მოკავშირეები არიან, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს – დემოკრატიული თუ რესპუბლიკური ადმინისტრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაშინგტონში ადმინისტრაციის ცვლილებას ვადევნებთ თვალს, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ისრაელთან დაკავშირებით დიდი ცვლილებებს არ ველოდებით. ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება.

  • საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გათვალისწინებით, რა იქნება ისარელის დიპლომატიური წარმომადგენლობის პრიორიტეტები საქართველოში?
  • ჩვენი დიპლომატიური მისიის პრიორიტეტები წლების მანძილზე შეიცვალა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფუძნებას იმ სახელმწიფოებში, სადაც დიდი რაოდენობით ებრაელი მოსახლეობა ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში საქართველო ისრაელის პარტნიორი სახელმწიფო გახდა. ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ტურიზმის, ინვესტიციებისა და ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტები შეიცვალა. ჩვენ წინ ვიყურებით და ჩვენი რესურსების მობილიზაციას ვაკეთებთ იმ მიზნით, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების უფრო განვითარდეს და ჩვენ ერებს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდეს.
  • სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განვითარებული კონფლიქტის ფონზე, როგორ უყურებს ისრაელის მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებს და როგორ ესახება ამ პრობელმების მოგვარების გზა?
  • ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა უცვლელია იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობას, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენც გვსურს და ველოდებით, რომ ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, დიალოგის გზით და არა ძალადობით, როგორც ეს, სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში ვიხილეთ.
  • საქართველოში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ ებრაელები, მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათი უმრავლესობა ისრაელში გადასახლდა, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. როგორია ამ ადამიანური კავშირების მნიშვნელობა? რა გავლენა შეუძლიათ მოხადინონ საქართველოდან წასულმა ებრაელებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე?
  • ამ ადამიანებმა ისრაელის საზოგადოებაში საპატიო ადგილი დაიკავეს. ისინი დიდ როლს თამაშობენ ისრაელის პოლიტიკურ სცენაზე, მედიაში, ასევე კულტურულ და აკადემიურ სფეროებში. დღეს წარმოუდგენელია ისრაელის საზოგადოებაზე საუბარი იმ წვლილის გარეშე, რომელიც სახელმწიფოს განვითარებაში ქართველმა ებრაელებმა შეიტანეს. ყველა ქართველი ლიდერი, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პრემიერ მინისტრი, იმყოფებოდა ისრაელში ვიზიტით. საქართველოს პატრიარქიც კი ჩავიდა ისრაელში. იგივე მიდგომაა ჩვენი მხრიდანაც. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოს პირველად 1998 წელს ეწვია – 22 წლის წინ. მას შემდეგ ჩვენი რამდენიმე პრეზიდენტიც ეწვია საქართველოს. ჩვენ გვაქვს კომერციული და ეკონომიკური ინტერესები, პოლიტიკური და დიპლომატიური ინტერესები, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ  ადამიანური კავშირი, მეგობრობა, სიახლოვე და ურთიერთპატივისცემაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend